საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ზაქარია ქუცნაშვილს მოლოდინი აქვს, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებები გვიან გაზაფხულზე ან ზაფხულში განხორციელდება. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
ქუცნაშვილი თანამდებობებიდან გუბერნატორების შესაძლო გათავისუფლების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
„პრემიერ-მინისტრი თავის კაბინეტს პერიოდულად უნდა აახლებდეს და ადამიანებს ადგილს უნდა უცვლიდეთ, რათა სუსტი ადგილები გამოსწორდეს, ხოლო ძლიერი პოზიციები კიდევ უფრო გამყარდეს. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, რომ პრემიერ-მინისტრს ასეთი განზრახვა ჰქონდეს. მათ შორის არა მხოლოდ გუბერნატორების, არამედ მთავრობის ზოგიერთი წევრის მიმართაც. მთავრობას, ისევე როგორც პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლებს და მრჩევლებს განახლება გარკვეული პერიოდულობით სჭირდებათ. ვფიქრობ, რომ გვიან გაზაფხულზე ან ზაფხულში მოსალოდნელია მთელი რიგი ცვლილებები. პრემიერ-მინისტრს უფლება უნდა ჰქონდეს, რომ წელიწადში სულ მცირე ერთხელ, სამთავრობო შემადგენლობა ნაწილობრივ მაინც განაახლოს იმისათვის, რომ სუსტი ნაწილები გაძლიერდეს“, – აღნიშნა ქუცნაშვილმა.