მთავრობაში მორიგი ცვლილება იგეგმება

მთავრობის მეთაურმა მამუკა ბახტაძემ დიდი ზარ-ზეიმით გვამცნო, რომ მთავრობას ახალი განახლება და ახალი სისხლი სჭირდება. ამით მან, ფაქტობრივად, დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დავით სერგეენკოს გარდა, მინისტრთა კაბინეტიდან სხვებიც წავლენ.
მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებს გასულ კვირას “ოცნების” ლიდერები მედიის მოგონილ ჭორებს უწოდებდნენ. მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მინისტრი შეიცვალა და პრემიერმა თქვა, ცვლილებების დროაო, მეოცნებენიც აჭიკჭიკდნენ ახალი სისხლის გადასხმის აუცილებლობაზე.
მმართველი პარტიის კულუარებში უკვე სახელდება იმათი გვარები, ვინც ახლო მომავალში დაემშვიდობება მთავრობას.
“ოცნების” კულუარებში ამბობენ, რომ ნიჩაბზე რამდენიმე მინისტრი ზის. ერთ-ერთი მათგანი ქართული დიპლომატიის მამა დავით ზალკალიანია.
ხელისუფლებაში “ოცნების” მოსვლის შემდეგ საგარეო მიმართულება ისედაც ჩავარდა, მაგრამ დავით ზალკალიანმა ყველანაირი რეკორდი მოხსნა.
განსაკუთრებული ჩავარდნა ამერიკის მიმართულებით არის, ივანიშვილისთვის კი ეს ქვეყანა ბევრი მიზეზის გამოა მნიშვნელოვანი. მას ძალიან ეშინია, ანგარიშები არ გაუყინონ. ვაშინგტონში მისი ანგარიშების შესაძლო გაყინვაზე უკვე გაკეთდა მინიშნებები.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა პომპეომ გასულ კვირას ერთობლივ პრესკონფერენციაზე საჯაროდ დაგვიტუქსა პრემიერი. საქართველოს ხელისუფლების მიმართ ასევე საჯაროდ გაკეთდა რამდენიმე მინიშნება. “ოცნების” კულუარებში ამბობენ, რომ ბახტაძემ ივანიშვილს სხვა მესიჯებიც ჩამოუტანა, რაც ოლიგარქისთვის სასიამოვნო არ ყოფილა.
ამის გამო შეიძლება თანამდებობა მამუკა ბახტაძემაც დატოვოს. ძველად ცუდი ამბის მიმტანებს თავებს აჭრიდნენ. ივანიშვილი პრემიერს თავს არ მოაჭრის, მაგრამ, სავარაუდოდ, სკამის გარეშე დატოვებს.
ინფორმაცია ბახტაძის გადადგომის შესახებ გასულ კვირას სააგენტო “თაიმერმა” გაავრცელა. პორტალის ცნობითვე, პრემიერის პოსტს მაია ცქიტიშვილი დაიკავებს.
მმართველ პარტიაში ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს, თუმცა არც გამწარებით უარყვეს. `ოცნებასთან~ დაახლოებულმა წყარომ `ახალ თაობას~ უთხრა, რომ დაგეგმილია ბახტაძის სასწავლებლად გაშვება.
ბახტაძემდე თანამდებობას რამდენიმე მინისტრი დატოვებს. მათ შორის პირველი დავით ზალკალიანი იქნება. მის შეცვლაზე ისედაც დიდი ხანია საუბრობენ. მედიაში და მათ შორის “ახალ თაობაშიც” არაერთხელ დაიწერა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრად აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე მოიაზრებოდა. ბოლო დროს ივანიშვილი აღარც მისი მუშაობით არის კმაყოფილი და, არ არის გამორიცხული, ქართული დიპლომატია სხვას ჩააბაროს.
ზალკალიანი ჯერ არ წასულა, მაგრამ “ოცნებაში” უკვე საუბრობენ იმაზე, თუ სად იმუშავებს ის მომავალში. ამბობენ, რომ პრემიერის მრჩევლად იმუშავებს.
ისე, ვინც კი თანამდებობიდან გაუშვეს, ყველა პრემიერის მრჩევლად დაინიშნა. ეს მამუკა ბახტაძე, თავის მხრივ, მხოლოდ ივანიშვილის ჭკუაზე დადის და ამდენი მრჩეველი რა საჭიროა.

შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიქართული ფილმის ჩვენება მინსკში
შემდეგი სტატიარატომ გაუშვეს სინამდვილეში სერგეენკო