მთავრობას მოვუწოდეთ, ვენეციის კომისიის მოსაზრებები გაითვალისწინოს -ბრიჯიტ ბრინკი

მთავრობას მოვუწოდეთ, ვენეციის კომისიის მოსაზრებები გაითვალისწინოს – ამის შესახებ ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკმა საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის რიგით მე-10 შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს გადაწყვეტილებას, თავად განსაზღვროს თავისი მომავალი და განახორციელოს ისეთი რეფორმები, რომელიც ქვეყანას წარმატებულს გახდის.

“შეხვედრამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის ძალიან ძლიერი და ენერგიული თანამშრომლობა, რაც არსებობს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. შეხვედრის მსვლელობისას ჩვენ განვიხილეთ მრავალი საკითხი, მათ შორის იყო დამოუკიდებელი მედია, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე განვიხილეთ მიმდინარე კონსტიტუციური რეფორმა და მოვუწოდეთ მთავრობას, გაითვალისწინოს სხვადასხვა მოსაზრებანი, მათ შორის ვენეციის კომისიის მოსაზრებები ამ პროცესში. ჩვენ ასევე შევაქეთ და მოვიწონეთ სასამართლო სისტემის რეფორმირების მესამე ტალღა და კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა არა მხოლოდ სასამართლოს სისტემის გაძლიერებისთვის, არამედ ზოგადად ინვესტიციების მოზიდვისა და შენარჩუნების კუთხით.
ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საჯარო სამსახურის რეფორმაზე და საპარლამენტო კონტროლზე, უსაფრთხოების სამსახურზე და სხვა. ასევე აღვნიშნეთ და შევთანხმდით იმაზე, რომ საქართველომ მართლაც ძალიან დიდი პროგრესი განიცადა მისი დამოუკიდებლობის 25 წლის განმავლობაში და ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის განმავლობაში”, – განაცხადა ბრიჯიტ ბრინკმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის რიგით მე-10 შეხვედრა გაიმართა.
სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ქართული მხრიდან მონაწილეობა მიიღეს აღმასრულებელი, საკანონმდებლო, მათ შორის, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის, ასევე სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში შს მინისტრის მოადგილეს მოუსმენენ
შემდეგი სტატიასახელმწიფო დეპარტამენტი 2018 წელს საქართველოს დასახმარებლად 34 მილიონ 100 ათასი დოლარის გამოყოფას გეგმავს