„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვასო ურუშაძემ საწვავის ბაზარზე არსებულ ვითარებასა და ნავთობიმპორტიორების „ორმაგ სტანდარტზე“ ისაუბრა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასის მკვეთრი კლების მიუხედავად, საქართველოში ტაბლოებზე ფასები უცვლელი რჩება.
ურუშაძის თქმით, საერთაშორისო პლატსის (Platts) მიხედვით, საბითუმო ფასები 10-12%-ით შემცირდა, ხოლო Brent მარკის ნავთობის ფასი 21%-ით დაეცა და ბარელზე 75.5-76 დოლარამდე ჩამოვიდა, თუმცა საქართველოში ევრო რეგულარი კვლავ 3.60 ლარი, ხოლო დიზელი 4.25 ლარი ღირს. ოპოზიციონერი ლიდერი მიიჩნევს, რომ პროცესზე რეაგირება ხელისუფლებასაც არ აწყობს:
„როცა საერთაშორისო ბირჟაზე ფასი 1%-ით იმატებს, ნავთობიმპორტიორები ფასს ზრდიან მომენტალურად… მაგრამ, როცა ფასი 10%-ით ეცემა, ეგრევე ირთვება ცნობილი ეკონომიკური „ზღაპარი” ძველ მარაგებზე. რატომ დუმს ხელისუფლება?! მთავრობას აწყობს, რაც უფრო ძვირი ეღირება საწვავი — მეტია ხელისუფლების წილი 18% დღგ-ს სახით და მეტი აქვთ გარანტირებული საბიუჯეტო შემოსავალი“, — განაცხადა ვასო ურუშაძემ.


















