პირველი შემთხვევა არ არის, როცა ხელისუფლება პრეზიდენტს თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილების შესრულებას უკრძალავს, ჩვენ არაერთხელ გვინახავს, რომ სალომე ზურაბიშვილს საერთაშორისო ვიზიტების განხორციელებაზე ან უარს ეუბნებოდნენ, ან დიდი გაწამაწიისა და ზეწოლის შემდეგ იძულებული ხდებოდნენ, მისთვის ნებართვა გაეცათ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატამ, რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი ცდილობა, ყველანაირად შეეზღუდა პრეზიდენტი.
„მაშინ, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რომ პრეზიდენტს ხელისუფლება ანტიუკრაინულ პოზიციებსა და პრორუსულ დამოკიდებულებაში არ ემხილა. ასევე ეშინოდათ იმის, რომ არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით რაიმე არ ეთქვა, თუმცა ამ მიმართულებით ის ყოველთვის თავს იკავებდა. მთლიანობაში ცდილობდნენ, რომ ყველანაირად შეეზღუდათ პრეზიდენტი. ახლა კონტექსტი გაცილებით დიდია, პრეზიდენტის დაბლოკვა ფაქტობრივად ნიშნავს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ხელისუფლების ნეგატიურ დამოკიდებულებას. როგორც ჩანს. დღეს, როცა საერთაშორისო გარემოებათა გამო საქართველო უფრო მიიღებს სტატუსს, თუნდაც იმის გამო, რომ საქართველო ევროპულ პროცესს არ ჩამორჩეს და არ დარჩეს რუსეთთან პირისპირ, ფაქტობრივად, ევროკავშირი იძულებულია, რომ რეკომენდაციების შეუსრულებლობის მიუხედავად ქვეყანას ავანსად და იმ იმედით მისცეს სტატუსი, რომ მომავალში ეს ხელისუფლება შეიცვლება. მთავრობას არავინ ეკითხება, სად წავა პრეზიდენტი. რაც მეტ ქვეყანაში ჩავა, მათ შორის არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისით, ეს კარგი იქნება ქვეყნისთვის. „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ ნათლად გვაჩვენა, რომ ღალატის გზას ადგას – ეს არის ქვეყნის ინტერესების ღალატი და პირდაპირ რუსული ინტერესების გატარება, გაგრძელება ანტიდასავლური და ანტიუკრაინული კურსის. პრეზიდენტზე უარის თქმა არის სკანდალური გადაწყვეტილება, რადგან როცა პრეზიდენტი ქვეყნების პირველ პირებს ხვდება და ამის უფლებამოსილება არ აქვს მთავრობისგან, ეს კიდევ უფრო მძაფრად წარმოაჩენს საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლურ პოზიციას“, – განაცხადა გოცირიძემ.