მთავრობას ან არ გააჩნია უნარი შეცდომები გაიაზროს ან მართლაც ცდილობს რუსეთისკენ მოატრიალოს პოლიტიკა. მოტივს მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტია, რომ საგარეო პოლიტიკა არასწორი მიმართულებით მიდის, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “გირჩის” დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.
რაქვიაშვილი მარია ზახაროვას განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პირველად არ ხდება, როცა “ქართული ოცნების” ნარატივი და ის, რაც რუსეთიდან გვესმის, ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა, როგორც ამბობს, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რა არის ამის მოტივი.
“მიზანმიმართულად კეთდება ეს, თუ გაუაზრებელი შეცდომების შედეგია, მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ეს კიდევ ერთი სიმბოლური ამბავია, რომელიც ასახავს ჩვენი საგარეო პოლიტიკის არასწორ მიმართულებას. ეს არის სამარცხვინოც და ცუდი ნიშანი იმის, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ. ჩვენს მთავრობას ან არ გააჩნია უნარი, რომ ეს გაიაზროს ან მართლაც ცდილობს რუსეთისკენ მოატრიალოს პოლიტიკა. საბოლოო ჯამში, მოტივებს მნიშვნელობა არ აქვს, ფაქტი ფაქტად რჩება. სანამ მტკიცებულება არ გვექნება, მოტივებზე საუბარი არ არის სწორი ჩემი აზრით. ჩემთვის მნიშვნელოვანია ქმედება. მოტივებზე საუბარი საჭიროც არაა, რა მნიშვნელობა აქვს, შენი მთავრობა შეცდომას შეცდომაზე უშვებს და უნარი არ გააჩნია ეს დაინახოს თუ ვიღაცის მოსყიდულია? შეიძლება საბოლოო ჯამში, პირველი ბევრად უარესი იყოს, ვიდრე მეორე. ფაქტია, რომ საგარეო პოლიტიკა არასწორი მიმართულებით მიდის,” – განახადა რაქვიაშვილმა.