„მთავრობამ უნდა დაამტკიცოს, რომ მოქალაქეების წინააღმდეგ სპეციალური ნივთიერებები არ გამოუყენებიათ. თუ ეს არ მოხდება, გაგვიჩნდება ეჭვი, რომ მათ ეს გააკეთეს, რაც სრულიად მიუღებელია”- ამის შესახებ პეტრას აუსტრევიჩუსმა განაცხადა.
ევროპარლამენტარმა „ევროსკოპთან“ BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებაზე ისაუბრა.
„BBC-ის მასალა წავიკითხე და შემდეგ შოკში ჩავვარდი. შეუძლებელია. ვერ დავიჯერე. თუ მართალია, რომ სპეცრაზმმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური აგენტი გამოიყენა, ეს დანაშაულია ადამიანის ეს ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის წინააღმდეგ. ეს სრულად უნდა იქნას გამოძიებული.
ვფიქრობ, ახლა მთავრობის ამოცანა უნდა იყოს, დაამტკიცოს, რომ ეს არაა სიმართლე. თუ ასე არ მოხდება, მაშინ ჩვენ გვექნება ეჭვი, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ სიცოცხლისთვის საშიში აგენტები გამოიყენება, რაც სრულიად მიუღებელია.
ეს დიდი ამბავია, რომელიც საქართველოს მთავრობამ რაც შეიძლება მალე უნდა უარყოს.
ამ სიახლეს გაეცნენ ჩემი კოლეგებიც, რომლებიც აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ვნახოთ, რა შეიძლება გაკეთდეს, რა სახის მოთხოვნები შეიძლება წამოიჭრას საქართველოს ხელმძღვანელობისთვის, რომელმაც მომხდარი უნდა აუხსნას ხალხს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც. ეს დიდი შავი ლაქაა საქართველოს ხელმძღვანელობისათვის“.
შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.
მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი დაიწყო.
განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
BBC-სთან ინტერვიუს გამო სუსმა დაიბარა ის ხალხი, ვინც საგამოძიებო ფილმში ბრიტანულ გამოძიებას ინტერვიუს აძლევს.
















