მთავრობამ შეზღუდოს ადამიანი ქვეყნიდან გასვლაზე, ეს არის საბჭოთა კავშირი – ბოკერია ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომ 1 იანვრიდან საქართველოს მოქალაქის ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლას განსაზღვრავს ქართველი მესაზღვრე.
ბოკერიას თქმით, ადამიანის თავისუფალი გადაადგილება არის ფუნდამენტური უფლება და მისი შეზღუდვა საბჭოთა წარსულის მსგავსი ფორმაა.
ბოკერიამ აღნიშნა, რომ იმ წუხილზე, რომელიც აქვთ ქვეყნის პარტნიორებს ზოგიერთი მოქალაქის მხრიდან თავისუფალი გადაადგილების ბოროტად გამოყენებაზე, საქართველოს მთავრობას შეეძლო პასუხი სხვა ფორმებით გაეცა და არა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვით.
„ეს არის სახიფათო, სამარცხვინო, ანტიკონსტიტუციური და საბჭოთა წარსულის მსგავსი ფორმა, ეს დაახლოებით იგივეა, რომ ვიზები გჭირდებოდა საბჭოთა კავშირში, რომ გასულიყავი შენი ქვეყნიდან. თავისუფალი გადაადგილება არის ფუნდამენტური უფლება, რაც შეეხება იმ წუხილს, რომელიც აქვთ ჩვენ პარტნიორებს ზოგიერთი საქართველოს მოქალაქის მხრიდან თავისუფალი მიმოსვლის ბოროტად გამოყენებაზე, ამ პრობლემაზე პასუხის გაცემა შეიძლებოდა სხვა ფორმით, მაგალითად პარტნიორების ინფორმირებით იმ პირთან მიმართებაში, სადაც რისკს ხედავ შენ, რომ იცოდნენ თუ ვინ შეიძლება გამოიყენოს ბოროტად.
თუმცა, არცერთ შემთხვევაში ეს არ შეიძლება თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვით და ასეთი დისკრეციის მინიჭებით ნებისმიერი მთავრობისათის, ეს დამახასითებელია საბჭოთა კავშირისათვის და პოსტ საბჭოთა ავტორიტარული ქვეყნებისათვის, რომ ქვეყნიდან გასვლისთვის შენი ქვეყნის მთავრობის ან ვინმეს ნებართვა გჭირდებოდეს.
ავიაკომპანია ვიღაცას დასვავს თუ არა თავის რეისზე, ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ მთავრობამ შეზღუდოს ადამიანი ქვეყნიდან გასვლაზე, ეს არის საბჭოთა კავშირი.“ – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ზარქუამ მრავალშვილიან ოჯახებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე: თუ ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ არჩევნები გაყალბდა, რატომ ამბობენ უარს ამის გადამოწმებაზე?