მთავრობამ პრეზიდენტს სემეკის წევრობის დარჩენილ ორ კანდიდატთან დაკავშირებით ისევ უარით უპასუხა

თავრობამ პრეზიდენტს სემეკის წევრობის, მის მიერ შერჩეული ორი კანდიდატი ისევ დაუწუნა. მარინა გულედანისა და დავით ასლანიშვილის კანდიდატურებთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციისგან პრეზიდენტის ადმინისტრაციამ წერილობითი სახით უარი უკვე მეორედ მიიღო. წერილს, რომელიც დეკემბრის ბოლო რიცხვებით თარიღდება, ხელს ჯერ კიდევ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს და ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თანამდებობიდან მის გადადგომამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიგზავნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სემეკის წევრობის 3 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატურები კონსულტაციების საფუძველზე ზაფხულში შეარჩია. სექტემბრის დასაწყისში მთავრობის ადმინისტრაციას შესათანხმებლად გიორგი ფანგანის, დავით ასლანიშვილისა და მარინა გულედანის კანდიდატურები გადაეგზავნა, თუმცა პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს პარლამენტში წარსადგენად დასტური მხოლოდ ფანგანის კანდიდატურასთან დაკავშირებით მისცა. სექტემბრის ბოლოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მთავრობას სემეკის დარჩენილი ორი წევრის ვაკანტურ ადგილზე უკვე მეორედაც იგივე – მარინა გულედანისა და დავით ასლანიშვილის კანდიდატურებით მიმართა და აღნიშნა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან მათზე უარი ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე ითქვა. სექტემბრის ბოლოს გაგზავნილ წერილზე მთავრობას საბოლოო პასუხისთვის 3 თვე დასჭირდა და პრეზიდენტს აღნიშნულ კანდიდატურებთან დაკავშირებით ხელმეორე უარით უკვე დეკემბრის ბოლოს უპასუხა. აღნიშნულის შესაბამისად, პრეზიდენტს სემეკის წევრობის დარჩენილ ორ ვაკანტურ ადგილზე კანდიდატურის შერჩევა, სავარაუდოდ, თავიდან მოუწევს. აღსანიშნავია, რომ სემეკის წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებული წერილის გარდა მთავრობის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის მიერ კიდევ ორი წერილია გაგზავნილი. ისინი საქართველო-ნატოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციისა და ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ მთავრობის სხდომის მოწვევას და მის ფორმატში ქვეყნის პირველი პირისთვის ინფორმაციის მიწოდებას შეეხება, თუმცა რამდენიმე თვის წინ გაგზავნილ წერილებზე აღმასრულებელ ხელისუფლებას პასუხი ამ დრომდე არ გაუცია.

banner
წინა სტატიაშიე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულები პროკურატურისგან ალეკო ელისაშვილის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ
შემდეგი სტატიაგასაჯაროვდეს “გაზპრომთან” დადებული ხელშეკრულების შინაარსი – ენმ-ს მოთხოვნა მთავრობას