მთავრობამ ძალიან დიდი შეცდომები დაუშვა ჩვენთან ურთიერთობაში – მესამე სექტორის წევრები ომბუდსმენის ანგარიშს ეხმაურებიან

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ყოველწლიურ მოხსენებას გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ეხმაურებიან.

უპრეცედენტოდ აგრესიული და შეურაცხმყოფელი კამპანია არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ – ასე აფასებს სახალხო დამცველი წინასაარჩევნო პერიოდში შეტევას მესამე სექტორზე.

მესამე სექტორში ომბუდსმენის ანგარიშს ეთანხმებიან და ამბობენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, ისინი არა ერთხელ გამხდარან ხელისუფლების მხრიდან თავდასხმის ობიექტები.

არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები ძირითად აქცენტს საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში მიმდანარე პროცესებზე აკეთებენ.

“ვფიქრობ, რომ ასეთ სიტუაციაში და ესეთ პოლარიზებულ გარემოში ზუსტადაც არასამთავრობო სექტორმა შესძლო, რომ ყველა გამოწვევისთვის ეპასუხა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი და ეს გამოცდა ვერ ჩააბარა საქართველოს მთავრობამ, რომელმაც ძალიან დიდი შეცდომები დაუშვა ჩვენთან ურთიერთობაში. მათ არ ჰქონდათ კონკრეტული მტკიცებულებები იმისა, რომ ჩვენ ან ვიტყუებოდით ან არასწორი ინფორმაციას ვავრცელებდით. ზუსტად ამიტომ, ისინი უბრალოდ ჩვენზე თავდასხმებს ახორციელებდნენ და აბსოლუტურად, არათემატურად გვაკრიტიკებდნენ,“ – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორმა, ეკა გიგაურმა.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები უპრეცედენტო იყო არასამთავრობოების მისამართით განხორციელებული შეტევების კუთხით. მისი თქმით, თავდასხმებს ყოველდღიური ხასიათი სხვა საარჩევნო პერიოდებში არ ჰქონია.

„ეს იყო განსხვავებული წინა წლების და სხვა საარჩევნო პერიოდებისგან, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად ვყოფილვართ სხვადასხვა პირობებში თავდასხმის ობიექტები, მაგრამ საარჩევნო რეჟიმში, ასეთ ყოველდღიურ მასშტაბში ამას ადგილი არ ჰქონია. ხშირ შემთხვევაში ხელისუფლების წარმომადგენლებს ავიწყდებოდათ, რომ არასამთავრობო სექტორი სამთავრობო ნარატივით ვერ იხელმძღვანელებს და ბუნებრივია, დამოუკიდებლად და ობიექტურად უნდა შეაფასოს პროცესები,“ – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

banner
წინა სტატიაშიევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ვანო მერაბიშვილის განაჩენების კანონიერება ეჭქვეშ დააყენა
შემდეგი სტატია2019 წლის ბიუჯეტი – მთავარ საფინანსო დოკუმენტზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე მსჯელობენ