მთავრობა: ვირუსი ისეთი სისწრაფით ვრცელდება, მომავალ კვირას დღეში 4000-ზე მეტ ინფიცირებულს მიაღწევს

მართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ ვირუსი ისეთი სისწრაფით ვრცელდება, მომავალ კვირას დღეში 4000-სზე მეტ ინფიცირებულს მიაღწევს. ჯანდაცვის მინისტრი საშიშ მოლოდინზე საუბრობს, თუმცა პასუხისმგებლობას კვლავაც მოქალაქეებს აკისრებს.

“გაგებით მოკიდების” რიგშია ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომელის მიხედვითაც საქართველო უსაფრთხო ქვეყანათა ჩამონათვალში აღარ იქნება. ეს გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია არგუმენტირებულად გაასაჩივროს, თუმცა, როგორც ჯანდაცვის მინისტრის განცხადებიდან ირკვევა ხელისუფლება არა თუ გასაჩივრებას აპირებს, ამაში განსაკუთრებულსაც ვერაფერს ხედავს.

მაშინ როცა, კორონავირუსი ყოველდღიურად ახალ რეკორდებს ხსნის, ჯანდაცვის სექტორში ირწმუნებიან, რომ ვირუსით დაავადებულთა მკურნალობას სათანადოდ შეძლებენ, არის საწოლი ადგილები, ჟანგბადი და სასუნთქი აპარატები. თუმცა არაფერს ამბობენ, რას აპირებენ უკვე დამდგარი რეალობის წინაშე, როცა ქვეყანაში უკვე ყოველდღიურად მედიკოსების ავადობა 100-ს ასცდა. საბჭოს სხდომაზე არ განუმარტავთ არსებობს თუ არა რეზერვი იმ შემთხვევაში, თუ მედიკოსთა მასობრივი ინფიცირება გაგრძელდა.

კრიტიკულ ნიშნულზეა სტატისტიკა რეგიონებშიც. ინფიცირებულთა რაოდენობით თბილისს შემდეგ პირველ ადგილზე კვლავ აჭარა რჩება 487 დადასტურებული შემთხვევით, შემდეგია იმერეთი, სადაც 356 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაცვლილი 5-დან ერთი პაციენტი სწორედ აქ მკურნალობდა. ჯანდაცვისა და მთავრობის გადაწყვეტილებით ამ რეგიონებისთვის მკაცრი რეკომენდაციები გაიცა. პირბადე ქუჩაშიც უნდა ატარონ და თუ კატეგორიულმა გაფრთხილებამ არ გაჭრა ჯარიმებიც იქნება.

ხელისუფლება ამტკიცებს, რომ საგანგებო ზომების მიღებას არ აპირებენ, თუმცა ეპიდემიოლოგები და ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეს გზავნილები, რომ ვირუსი 5000-იან ნიშნულამდე მივა და ისიც, რომ ეს უპასუხისმგებლო მოქალაქეების ბრალი იქნება უკვე ნიშნავს, რომ არჩევნების შემდეგ თბილისისა და რეგიონების ჩაკეტვა დღის წესრიგში დგას.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში ენმ-მ და ძალა ერთობაშიამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე წარადგინა
შემდეგი სტატიაარჩევანი ჩვენია! – პროექტი წალენჯიხაში ჩხოროწყუსა და ხობში ხორციელდება