მთავრობა საპენსიო სქემის დაფინანსებას 20 მილიონით ზრდის, რადგან სქემაში დაგეგმილზე მეტი პირი დარჩა

2019 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებით, დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებისთვის გათვალისწინებული ასიგნებები 20 მილიონი ლარით იზრდება და 110 მილიონ ლარი ხდება.

მთავრობაში განმარტავენ: “ზრდა გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ საპენსიო სქემაში უფრო მეტი პირი დარჩა, ვიდრე პროგნოზირებული იყო სქემის ამოქმედებამდე”.

მათივე ცნობით, საპენსიო სააგენტოს რიცხოვნობა იზრდება 5 ერთეულით, რაც გამოწვეული დაგროვებითი საპენსიო სქემის საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტებით.

აგვისტოს მონაცემებით, საპენსიო სააგენტომ საპენსიო შენატანებით შვიდ თვეში 316 268 610 ლარი დააგროვა. ინფორმაცია ამის შესახებ On.ge-მ უწყებიდან საჯარო ინფორმაციის სახით მიიღო. ეს თანხა (მათ შორის გამონაკლისები) სისტემაში ჩართული 856 005 ადამიანის ხელფასიდან, დამსაქმებლისგან და სახელმწიფოსგან ჩამოჭრილი ორ-ორი პროცენტის ჯამური მაჩვენებელია.

856 ათას მოქალაქეს შორის სისტემაში თავისი სურვილით 6 899 ადამიანი ჩაერთო, დანარჩენი ყველა კი კანონმა დაავალდებულა. ნებაყოფლობით ჩართულმა ადამიანებმა 7 თვეში საშუალოდ 226 ლარი დააგროვეს, სავალდებულო წესით ჩართულებმა კი 378 ლარი.

საქართველოს პარლამენტში 2019 წლის საბიუჯეტო ცვლილებების კანონპროექტი 23 სექტემბერს დარეგისტრირდა.

banner
წინა სტატიაშიშსს-ში 14:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება
შემდეგი სტატიაპოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ექვსი პირი დააკავა