მთავრობა სახიფათო ნარჩენების თანამედროვე ნაგავსაყრელის მოსაწყობად შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებას იწყებს. გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განკარგულება, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი აწერს, უკვე გამოიცა.
ნაგავსაყრელის მოსაწყობად კონკრეტული ღონისძიებების შემუშავება გარემოს დაცისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალა.
აღსანიშნავია, რომ გასატარებელი ღონისძიებების ფარგლებში, უწყებამ იაღლუჯის ფერდობზე (ქვემო ქართლი, რუსთავთან ახლოს) ქიმიური ნარჩენების განთავსების ყოფილ ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის სახელმწიფო ქონებად რეგისტრაცია უნდა უზრუნველყოს.
უფრო კონკრეტულად, დოკუმენტის მიხედვით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევალება:
ა) შეიმუშაოს სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელის მოწყობის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების გეგმა;
ბ) უზრუნველყოს იაღლუჯის ქიმიური ნარჩენების განთავსების ყოფილ ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის სახელმწიფო ქონებად რეგისტრაცია და შპს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის კაპიტალში შეტანა;
გ) უზრუნველყოს სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელის მშენებლობასა და ოპერირებასთან დაკავშირებული ფუნქცია-მოვალეობების შპს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წესდებაში ასახვა.
განკარგულების თანახმად, შემუშავებული ღონისძიებების განხორციელება შპს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას ევალება.
ამას გარდა, დოკუმენტში ნათქვამია, რომ რეგიონული განვითარების, იუსტიციის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებმა, აგრეთვე შესაბამის მხარეებში სახელმწიფო რწმუნებულებმა ხელი უნდა შეუწყონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განკარგულებით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებაში.















