საქართველოს მოქალაქეებს მალე ტროტუარზეც შეეზღუდებათ პროტესტის გამოხატვა. „ქართულმა ოცნებამ“ ახალი ინიციატივით დემონსტრაციების სივრცე კიდევ უფრო შეამცირა: საავტომობილო გზების შემდეგ, მმართველი პარტია უკვე საფეხმავლო გზებზე შეკრების უფლებას ზღუდავს.
კანონი, რომლის მიღებასაც “ოცნების” ხელისუფლება ჩქარობს, პირდაპირ გულისხმობს, რომ თუ ის უკვე იმოქმედებდა, პარლამენტის შენობის წინ ტროტუარზე შეკრება წინასწარი შეტყობინების გარეშე უკანონოდ ჩაითვლებოდა. თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო გადაწყვეტს, რომ აქციის მონაწილეთა რაოდენობა ტროტუარის „გადასაკეტად“ არასაკმარისია, პოლიციას აქციის დაშლის უფლება ექნება. მასობრივი გადაკეტვის შემთხვევაში კი მოქალაქეებს მხოლოდ 15 წუთი ექნებათ დაშლისთვის.
ოპონენტების შეფასებით, „ქართული ოცნება“ მასობრივმა საპროტესტო მსვლელობებმა აშკარად შეაწუხა – წელს კი პარტია პროცესების სრულ გაკონტროლებაზე გადავიდა. ახალი წესით, ნებისმიერ ორგანიზატორს ევალება პოლიციის წინასწარი წერილობითი ინფორმირება, თუმცა ეს არ გულისხმობს, რომ სამინისტრო მსვლელობის ჩატარების უფლებას ავტომატურად მიანიჭებს. კანონპროექტი პოლიციას აძლევს შესაძლებლობას, ორგანიზატორს ალტერნატიული დრო და ადგილი შესთავაზოს, რაც რეალურად ღონისძიებების შეზღუდვის კიდევ ერთ ბერკეტად მიიჩნევა.
წესების დარღვევა მკაცრ სანქციებს ითვალისწინებს:
გზის ხელოვნურად გადაკეტვა,
გაფრთხილების გარეშე შეკრება,
ან დროულად არშეტყობინება
ეს ყველაფერი გამოიწვევს 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას, ხოლო განმეორების შემთხვევაში მოქალაქეს 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ჟურნალისტების კითხვაზე, რომელი ქვეყნის გამოცდილება გაითვალისწინა ხელისუფლებამ, პარლამენტის თავმჯდომარე ვერ ასახელებს კონკრეტულ სახელმწიფოს, ხოლო “ოცნების” პრემიერ-მინისტრი ამ რეპრესიული ნორმის მიღების აუცილებლობაზე საუბრობს და ამასთანავე პროტესტს საერთოდ არ აღიარებს.

















