მთავრობა მიესალმება ეროვნული ბანკის განცხადებას და საბანკო-საფინანსო სფეროში მის მიერ დაანონსებულ ქმედებებს -გვენეტაძე

საქართველოს მთავრობა მიესალმება ეროვნული ბანკის განცხადებას და საბანკო-საფინანსო სფეროში მის მიერ დაანონსებულ ქმედებებს. ხელისუფლება მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ბაზარზე ინფლაციური რისკების შემცირებისა და ლარის სტაბილიზაციისთვის.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, კომერციულ ბანკებს უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნები 5%-ით, 25%-მდე შეუმცირდებათ, რის შედეგადაც დამატებით 700 მილიონი დოლარის გასესხებას შეძლებენ.

ეროვნული ბანკის პოლიტიკასთან სინქრონში, საქართველოს მთავრობა გეგმავს იმგვარი ნაბიჯების გადადგმას, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ბაზრის მეტად დაცვა ინფლაციური რისკებისგან და ეროვნულ ვალუტაზე ზეწოლის შემსუბუქება.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განცხადა, ეროვნულმა ბანკმა დაიწყო სათანადო ზომების მიღება. „ლარის ბოლოდროინდელმა გაუფასურებამ დაწოლა მოახდინა ინფლაციაზე. იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი სწორედ ინფლაციასთან ბრძოლაა, ეროვნულმა ბანკმა დაიწყო სათანადო ზომების მიღება. გავამკაცრეთ მონეტარული პოლიტიკა და განვახორციელეთ ინტერვენციები.

იმისათვის, რომ მომავალშიც ხელი შევუწყოთ ლარის გაუფასურებიდან ინფლაციაზე მომდინარე წნეხის შემცირებას, მივიღეთ გადაწყვეტილება უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების 5%-ით შემცირების შესახებ, ამავე დროს უცხოური ვალუტის ლიკვიდობის მიმართულებით გარკვეული შეღავათი მიეცემათ კომერციულ ბანკებს. ეს ნიშნავს, რომ დამატებით დაახლოებით 700 მილიონი დოლარის უცხოური ვალუტის რესურსის გაცემას შეძლებენ ბანკები სესხების სახით.

ამავე დროს ეს ნიშნავს, რომ საპროცენტო განაკვეთი უცხოური ვალუტის სესხებზე შემცირდება. აღნიშნულმა ღონისძიებებმა ხელი უნდა შეუწყონ გაცვლითი კურსის დასტაბილურებას. შესაბამისად, დროთა განმავლობაში ინფლაციაზე წნეხი შემცირდება““, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია-ფრენების აღდგენა მიეხმარება, როგორც ტურიზმს ასევე ათასობით ქართველს რომელსაც გარკვეულ მობილობაში პრობლემები ექმნებოდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მივესალმებით
შემდეგი სტატიაგახარია: 2012 წელს, ივანიშვილმა მშვიდობიანად გადადგა ერთი ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიისკენ