19.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
banner

მთავრობა: მანიპულაციაა ინფორმაცია, თითქოს, სასტუმრო „საქართველოში“ მდებარე ფართი სიმბოლურ ფასად გასხვისდა

საქართველოს მთავრობა მანიპულაციურს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს, სასტუმრო „საქართველოში“ მდებარე 3,237 კვადრატული მეტი ფართი სიმბოლურ ფასად გასხვისდა და განმარტავს, რომ სინამდვილეში, „ფართობის გასხვისება ფორმალურად განხორციელდა“. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სასტუმრო „საქართველოს” გასხვისებისას დადგინდა, რომ იყო ფაქტობრივი უზუსტობა სახელმწიფოს მიერ წლების წინ შედგენილ აზომვით ნახაზში დაფიქსირებულ ფართობსა და სასტუმრო „საქართველოს” რეალურ ფართობს შორის. აღნიშნული ცდომილების აღმოსაფხვრელად ცდომილების შესაბამისი ფართი – 3,237 კვადრატული მეტრი სიმბოლურ ფასად სრულიად ფორმალურად გადაეცა სასტუმროს მფლობელს, იმგვარად, რომ მას ქონების მოცულობა რეალურად არ გაზრდია.

„სასტუმრო „საქართველოს” სრული პრივატიზაცია მრავალი წლის წინ განხორციელდა, რის შემდეგაც მისი მფლობელი რამდენჯერმე შეიცვალა. ბოლო შემთხვევაში, სასტუმრო „საქართველოს” გასხვისებისას დადგინდა, რომ იყო ფაქტობრივი უზუსტობა სახელმწიფოს მიერ წლების წინ შედგენილ აზომვით ნახაზში დაფიქსირებულ ფართობსა და სასტუმრო „საქართველოს” რეალურ ფართობს შორის. აღნიშნული ცდომილების აღმოსაფხვრელად და სამართლიანობის პრინციპის დასაცავად, ცდომილების შესაბამისი ფართი – 3,237 კვადრატული მეტრი სიმბოლურ ფასად სრულიად ფორმალურად გადაეცა სასტუმროს მფლობელს, იმგვარად, რომ მას ქონების მოცულობა რეალურად არ გაზრდია.

ყოველივე ზემოაღნიშნული ადასტურებს, რომ კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა ან მარტივი ჭეშმარიტების დადგენა ვერ შეძლეს, ან მათ უხეშად მანიპულაციური ინფორმაცია სრულიად შეგნებულად გაავრცელეს.

2024 წლის 8 თებერვლის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ სრულად აღკვეთა სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად და პირდაპირი ფორმით გასხვისების პრაქტიკა და ამ პრინციპის ერთგული დარჩება მომავალშიც.

მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას, არასწორი და უხეშად მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელებისგან და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან მომავალში თავი შეიკავონ”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაზე მასირებული დარტყმების გამო ევროკავშირმა რუსეთზე დაწესებული სანქციების სია გააფართოვა
შემდეგი სტატიავალერი ჩეჩელაშვილი ტრამპის წერილზე: თუ ეს წერილი მიიღეს იმის მოტივაციად, რომ შესაბამისი ნაბიჯები გადადგან, ძალიან კარგი იქნება