მთავრობა კრწანისის ტყე-პარკის აღდგენისა და განვითარების პროექტს იწყებს

ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩვენ კრწანისის ტყე-პარკს ვერ მოვუარეთ და მწვანე საფარი ძალიან შემცირდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრა, მამუკა ბახტაძემ ბიომრავალფეროვნების აღდგენის პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც კრწანისის ტყე-პარკში გაიმართა.

პრემიერის თქმით, კრწანისის ტყე-პარკი გასული საუკუნის 60-იან წლებში გაშენდა და ამის მთავარი იდეა იყო რეგიონში ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვითი პრინციპების შესახებ.

„თუმცა, სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩვენ ამ პარკს ვერ მოვუარეთ და მწვანე საფარი ძალიან შემცირდა. წლების განმავლობაში წარმოებულმა უპასუხისმგებლო პოპლიტიკამ და გარემოსდაცვითი პრინციპების იგნორირებამ საკმაოდ მძიმე რეალობის წინაშე დაგვაყენა და ჩვენ ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგებს დღემდე ვებრძვით. რამდენიმე თვის წინ დავაანონსეთ ჩვენი პრიორიტეტები და ძალიან მკვეთრი აქცენტი გავაკეთეთ მწვანე პოლიტიკასა და მის შემადგენელ მწვანე ეკონომიკაზე. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვცდილობთ, გარემოს დაცვის პრიორიტეტულობა წარმოვაჩინოთ ყველა ინიციატივაში. გამწვანებაზე ფიქრი საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია. სწორედ ეს არის ჩვენი გაცხადებული მიზანი და ამას განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, იწყება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი – კრწანისის ტყე-პარკის აღდგენა და განვითარება.

„დღეს ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომლითაც იამაყებს არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მომავალი თაობები. ჩვენ ვიწყებთ კრწანისის ტყე-პარკის აღდგენას და განვითარებას. ჩვენ აქ შევქმნით ნამდვილ ცოცხალ მუზეუმს, სადაც წარმოდგენილი იქნება არა მარტო არსებული უნიკალური ფლორა და ფაუნა, არამედ გავაშენებთ მცენარეებს წითელი ნუსხიდან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ და უზრუნველვყოთ ბიომრავალფეროვნება ამ ულამაზეს რეგიონში. ამავე დროს აღდგება კრწანისის ტყე-პარკის ბუნებრივი ფუნქცია – ეს იყო რეკრეაციული სივრცე, რომელიც აკავშირებდა თბილისს და რუსთავს და ნებისმიერი მსურველისთვის ღია იქნება. გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ფეხით, ველოსიპედით, ან ელექტრომობილით“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, ადამიანური კაპიტალის განვითარების პარალელურად საქართველოს ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს მწვანე ეკონომიკის განვითარებაში, ეკოტურიზმში.

„ეს იქნება ჩვენი გაცხადებული პრიორიტეტი, რომელსაც რეალური პროექტებით უზრუნველვყოფთ რეალურ ცხოვრებაში. მადლობა ყველას, ვინც ამ წლების განმავლობაში, მიუხედავად არსებული დაბრკოლებებისა, შეგვინარჩუნა კრწანისის ტყე-პარკი. ახლა კი ჩვენი ვალია, მოვუაროთ, აღვადგინოთ და შემოვიტანოთ მეტი ბიომრავალფეროვნება ამ ულამაზეს ადგილზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშივწუხვარ,რომ შალვა შავგულიძეს სანდრო გირგვლიანის საქმე ახლაც პოლიტიკური სპეკულაციისთვის სჭირდება
შემდეგი სტატიასამშენებლო ობიექტებზე ჩატარდება ე.წ რეიდები – კალაძე