მთავრობა ეკოომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღებას გეგმავს

ახალი სამთავრობო პროგრამის „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ მიხედვით, მთავრობა ეკოომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღებას გეგმავს.

სამთავრობო პროგრამაში, რომელიც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტს წარუდგინა, აღნიშნულია, რომ ეკოომბუდსმენის ინსტიტუტი გახდება სექტორებს შორის მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი საკითხების განხილვის პლატფორმა, ისარგებლებს მაღალი ნდობით როგორც სამთავრობო უწყებების, ისე ბიზნესსექტორისა და საზოგადოების მხრიდან. კერძოდ, იგი იქნება ერთგვარი გარანტი გარემოს დაცვის საკითხებზე მთავრობის, საზოგადოებისა და ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური თანამშრომლობისთვის.

ამასთანავე, პროგრამაში არნიშნულია, რომ გარემოს დაცვა, მისი მდგრადობის შენარჩუნება და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება, სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების პარალელურად, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს და საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

„საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია კლიმატის ცვლილების მიმდინარე პროცესში. ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების, ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად და ბუნებრივი კატასტროფების რისკების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ეფექტიანი გარემოსდაცვითი მმართველობის ჩამოყალიბება, რაც მხოლოდ კომპლექსური მიდგომით არის შესაძლებელი. ჩვენი მიზანია ყველა გადაწყვეტილების, მათ შორის, ეკონომიკურად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდეს არა მხოლოდ ეკონომიკური მიზანშეწონილობის, არამედ, პირველ რიგში, ეკოლოგიური ეფექტიანობის გათვალისწინებით. ამ მიზნის მისაღწევად საქართველოს მთავრობა აქტიურად გააგრძელებს მუშაობას მწვანე ეკონომიკის განვითარების მიმართულებით, ვინაიდან მწვანე ზრდის წახალისება, გრძელვადიან პერსპექტივაში, ხელს უწყობს ბიზნესის მხრიდან დანახარჯების შემცირებას, ასევე ბიზნესის ახალი მიმართულებების განვითარებას.

მწვანე ეკონომიკის დანერგვის პროცესში საქართველოს მთავრობა გეგმავს, კონკრეტული ინიციატივებით წაახალისოს მწვანე ინვესტიციები, ეკოლოგიურად სუფთა საკვების წარმოება და მწვანე პროდუქციის წარმოება“, – აღნიშნულია პროგრამაში.

banner
წინა სტატიაში“თეა წულუკიანს ეკუთვნის, რომ მისთვის ნასროლ ქვაზე წინ დავუდგე და მოვიხვედრო,” – გედევან ფოფხაძე
შემდეგი სტატიაგუბაზ სანიკიძე – ივანიშვილი შემოვიდა საკუთარ დანაღმულ ველზე და სქემა დაკარგა