მთავარმა პროკურატურამ ორ მოქალაქეს უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთი და ექვსი მანქანა დაუბრუნა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ერთ პირს ჩამორთმეული ქონება, ერთ კი – 6 ავტომობილი დაუბრუნა.

პროკურატურის ინფორმაციით, 2011 წლის ნოემბერში მთავარ პროკურატურას ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისთვის დაკავებული ჰყავდა შპს ,,აკვარიუმის” დირექტორი გიორგი ღონღაძე.

„გამოძიების მსვლელობისას მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებმა პატიმრობაში მყოფ ბიზნესმენ გიორგი ღონღაძეს ციხიდან გათავისუფლების და საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, 240 000 ლარად უკანონოდ შეასყიდინეს „ჰიუნდაის” მარკის 6 ავტომანქანა, რომლებიც შემდგომ უსასყიდლოდ, ჩუქების გზით გადაეცა სახელმწიფოს. აღნიშნულის შემდგომ ბრალდებულთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე.
ჩვენს მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებების საფუძველზე პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რათა საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხსენებულ დაზარალებულ მოქალაქეებს დაუბრუნდეთ ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული მათი კუთვნილი ქონება: სულხან მოლაშვილის მეუღლეს თამთა ბახტურიძეს სოფელ წავკისში მდებარე აგარაკი; ბიზნესმენ გიორგი ღონღაძეს ,,ჰიუნდაის“ მარკის 6 ა/მანქანა და მოქალაქე გია ოქრუაშვილს ქ. თბილისში, გლდანის პირველ მიკრო/რაიონში მდებარე 480 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
რაც შეეხებათ ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით მათ მიმართ არ დაიწყებს სისხლის სამართლებრივ დევნას.
ამ დროისთვის ახალი დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად გახსნილია ქონების იძულებით ჩამორთმევის 47 ფაქტი, დაზარალებულად ცნობილია 84 მოქალაქე, რომელთაც დაუბრუნდათ და დაბრუნების პროცესშია 18 მილიონ ლარამდე ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის 71 ა/მანქანა, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო კომპლექსი, მიწის ნაკვეთები და ა.შ”, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშივახტანგ ხმალაძე უსუფაშვილის მომავალ პარტიასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: ფინანსთა სამინისტრო სტატისტიკას აყალბებს