„მთავარია, სიტყვის თავისუფლება იყოს დაცული” – მოისწრაფიშვილი “რუსთავი 2-ის” წინააღმდეგ ახალ შეტევაზე

„მთავარია, სიტყვის თავისუფლება იყოს დაცული. გამოყენებული იქნება ყველა კანონიერი რესურსი, რომ სიტყვის თავისუფლება იყოს ხელშეუხებელი,“ – ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის პრესსპიკერი „რუსთავი 2-ის“ წინააღმდეგ დაწყებულ ახალ შეტევას და სამაუწყებლო კომპანიის 9%-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძის სარჩელს.

ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის პოზიციაა, რომ თუკი სიტყვის თავისუფლებას რაიმე საფრთხე დაემუქრება, აუცილებლად გამოყენებული იქნება ყველა კანონიერი რესურსი.

„საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით სიტყვის თავისუფლება დაცულია და გარანტირებულია. კონსტიტუციით შესაბამისად გამოყენებული იქნება ყველა კანონისმიერი რესურსი იმისათვის, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება იყოს დაცული. კონსტიტუციით არის გარანტირებული სიტყვის თავისუფლება. თუ სიტყვის თავისუფლებას რაიმე საფრთხე დაემუქრება აუცილებლად გამოყენებული იქნება კანონიერი რესურსი,“ – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

სამაუწყებლო კომპანიის 9%-ის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დაგროვილი გადასახადების სახით კომპენსაციას ითხოვს. საუბარია ჯამში, დაახლოებით, 26 მილიონ ლარზე. ნინო ნიჟარაძე არხის ყოფილი დირექტორის, გოგი გეგეშიძის მეუღლეა და მისი გარდაცვალების შემდეგ მიიღო კომპანიის წილი.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეფასებით, ნიჟარაძის უკან ხელისუფლება დგას. მისი თქმით, ეს არის სარჩელი სარჩელისთვის და მორიგი შეტევა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ.

გვარამიას განცხადებით, პროცესის მთავარი მიზანი “რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა.

banner
წინა სტატიაში“რუსთავი2-ზე მორიგი თავდასხმა დიდი ხნით ჩაუკეტავს საქართველოს გზას ევროინტეგრაციის კუთხით” – სალომე სამადაშვილი
შემდეგი სტატიასოფელ ბადიაურში, ტბაზე 24 წლის ახალგაზრდა დაიღუპა