მთავარია საქართველოში ვარ და აქტიურად ვაპირებ ქვეყნის გადარჩენის პროცესში აქტიურად ვიყო ჩართული – სააკაშვილი

„ესენი {ქართული ოცნება} არჩევნებით წასვლას არსად არ აპირებენ, ჩვენ ეს უნდა გვესმოდეს და ჩვენ ეს ვიცით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ისინი არ წავლენ“, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის მიმდინარეობისას განაცხადა, რომელსაც ის კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურ რეჟიმში ერთვება.

სააკაშვილის თქმით, საქართველო ისეთივე გამოწვევების წინაშე დგას, როგორც 1990 წელს.

ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ საარჩევნო სისტემაა შესაცვლელი, რომელიც მისივე თქმით, ხელისუფლებას მორგებული აქვს.

„მინდა მივმართო ყველა პოლიტიკურ ძალას, შემდეგი არჩევნები ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები საქართველოს ისტორიაში 1990 წლის შემდეგ. 1990 წელს კომუნისტურმა პარტიამ არჩევნები წააგო, „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“ მოვიდა სხვა ეროვნულ ძალებთან ერთად და მათ მოახერხეს საქართველოს საბჭოთა კავშირიდან დახსნა.

ზუსტად ასეთივე გამოწვევების წინაშე ვართ დღეს და ეს სასამართლოც, ჩემი პატიმრობაც, ბევრი სხვა რამ უკავშირდება იმას, რომ ისინი აპირებენ უკან საბჭოთა კავშირში დაბრუნებას, ისინი აპირებენ რომ ჩააბეტონონ მათი ყოფნა. ესენი არჩევნებით წასვლას არსად არ აპირებენ, ჩვენ ეს უნდა გვესმოდეს და ჩვენ ეს ვიცით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ისინი არ წავლენ.

ისინი წავლენ, მაგრამ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ კოორდინირებულად და ერთმანეთთან შეთანხმებულად. საარჩევნო სისტემა, რომელიც დღეს არის მიღებული, თავიდან ბოლომდე გაყალბებაზე აგებული სისტემაა და ეს არის დაახლოებით, რაც არის რუსეთში.

ეს არის სისტემა, მიუხედავად იმისა, ვინ რა ხმას მისცემს ერთი კაცი შუშის სასახლეში გადაწყვეტს, დაურეკავს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და ეტყვის რამდენი პროცენტი უნდა დაჯდეს. შემდეგ რაც არ უნდა ვთქვათ, არავითარი აზრი აღარ ექნება.

მათ წინასწარ აქვთ არჩევნები გაყალბებული, მათ გადაწყვიტეს რომ აღარ გარისკონ და პირდაპირ დაწერონ მაჩვენებელი. ამ სისტემის შეცვლაზე უნდა ვიფიქროთ ყველა ერთად. ჩვენ არ გვჭირდება ერთ პარტიაში ყოფნა, ჩვენ არ გვჭირდება ერთმანეთთან დავაქორწინოთ სხვადასხვა პარტიები, ჩვენ უბრალოდ გვჭირდება რომ მივაღწიოთ სისტემის შეცვლას ერთობლივი ქმედებებით და ასევე მივაღწიოთ იმას, რომ ევროკავშირმა მოახდინოს არჩევნების მონიტორინგი.

მიუხედავად იმისა, რომ როგორც არ უნდა შეეცადონ ჩემს გაჩუმებას, იქნება ეს კლინიკაში თუ ციხეში, მთავარია რომ საქართველოში ვარ და აქტიურად ვაპირებ ვიყო ჩართული საქართველოს გადარჩენის პროცესში“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიალი ასადოვი – „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში მაღალი დონის სტუმართმოყვარეობისთვის ბატონ პრემიერ-მინისტრს და ორგანიზატორებს მადლობა მინდა გადავუხადო, ირაკლი ღარიბაშვილის ორგანიზებით, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და განვითარებისთვის არაერთი მოლაპარაკება მიმდინარეობდა
შემდეგი სტატიასაქართველოსა და ქართველი ხალხის მეგობრად ვინც მიიჩნევს თავს, დაჟინებით მოვუწოდებ, სალომე ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაში ხელი არ შეუწყონ – პაპუაშვილი