რუსეთი “ქართულ ოცნებას” ისევ აქებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, მიხაილ კალუგინმა, განაცხადა, რომ მოსკოვი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ „სერიოზულად არის მიმართული“, თუმცა მკაფიო პირობას აყენებს – საქართველო არ უნდა გახდეს რუსეთის წინააღმდეგ „ანტირუსულ თამაშებში ხურდა ფული“.
კალუგინის თქმით, რუსეთი საქართველოსთან „სტაბილური ურთიერთობებისკენ“ ისწრაფვის, თუმცა ამ სურვილს თან ახლავს პოლიტიკური გზავნილები, რომლებიც აშკარად ეხმიანება თბილისში მოქმედ ხელისუფლებას.
„რუსეთი სერიოზულად არის განწყობილი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. მთავარია, რომ საქართველო ანტირუსულ თამაშებში „ხურდა ფული“ არ გახდეს“, – განაცხადა მან რუსულ მედიასთან საუბრისას.
რუსი დიპლომატის განცხადებით, მოსკოვი დადებითად აფასებს თბილისის საგარეო პოლიტიკას და მას „ჯანსაღ პრაგმატიზმად“ და „მრავალვექტორიანი მიდგომის“ მაგალითად მოიხსენიებს.
კალუგინმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქართველო არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს და უარი თქვა „მეორე ფრონტის გახსნის სცენარზე“, რომელსაც, მისი თქმით, თბილისს „გარედან ახვევდნენ თავს“.
„საქართველომ არ შეუერთდა ანტირუსული სანქციების კოალიციას და უარყო რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის უგუნური სცენარი“, – აღნიშნა მან.
რუსი დიპლომატის განცხადებით, სწორედ ამ პოლიტიკის შედეგად რუსეთმა და საქართველომ ბოლო წლებში ეკონომიკურ სფეროში „ხელშესახებ შედეგებს“ მიაღწიეს.
„ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, მაგრამ გვაქვს აქტიური კავშირები, რომელსაც რეალური სარგებელი მოაქვს“, – განაცხადა კალუგინმა.
მოსკოვის ეს განცხადებები გაკეთდა იმ ფონზე, როდესაც საქართველო კვლავ ოკუპირებულია, ხოლო რუსეთი ოფიციალურად არ აღიარებს საკუთარ პასუხისმგებლობას საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხში.
კრიტიკოსების შეფასებით, რუსეთის მხრიდან „ნორმალიზაციის“ რიტორიკა უფრო მეტად პოლიტიკურ სიგნალს წარმოადგენს, ვიდრე რეალურ ნაბიჯს ურთიერთობების გადახედვისკენ.

















