მთავარი კრიტერიუმი კვალიფიკაცია უნდა იყოს, მაგრამ ყველა ვხედავთ, რომ პოლიტიკურ სარბიელზე მამაკაცები დომინირებენ

არავინ დავობს, რომ მთავარი კრიტერიუმი სწორედ კვალიფიკაცია და უნარები უნდა იყოს, მაგრამ ყველა ვხედავთ, რომ პოლიტიკურ სარბიელზე მამაკაცები დომინირებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკის სფეროში მამაკაცები ძალიან ჭარბობენ და თუ თანაბარი პირობები არ შეიქმნება, რთული იქნება იქამდე მისვლა, რომ წარმომადგენლობით ორგანოში ქალთა და მამაკაცთა წარმომადგენლობა თანაბარი იყოს.

„პოლიტიკა არის სფერო, სადაც ძალიან ჭარბობენ მამაკაცები და თუ ჩვენ რაღაც სასტარტო, თანაბარ პირობებს არ შევუქმნით ქალებს, ძალიან გაჭირდება, ბუნებრივი გზით მივიდეთ იქამდე, როცა ქალებისა და მამაკაცების წარმომადგენლობა წარმომადგენლობით ორგანოში იქნება თანაბარი. ჩვენი საზოგადოების ნახევარზე მეტს წარმოადგენენ ქალები და ქალები იმსახურებენ, რომ საკანონმდებლო ორგანოშიც სათანადოდ იყვნენ წარმოდგენილნი.

ვფიქრობ, თავისთავად მივალთ იქამდე, როცა არავითარი კვოტა არ დასჭირდება იმას, რომ ქალების წარმომადგენლობა, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოში, თანაბარი იყოს, მაგრამ
ვხედავთ, რომ ახლა აუცილებელია გარკვეული წამახალისებელი მექანიზმების შემოღება იმისთვის, რომ ეს რეალობად იქცეს“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ინიცირებული პროექტის მიხედვით, საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნების პროპორციულ სიებში გენდერული ბალანსი უნდა იყოს დაცული და სიებში ყოველი მეორე გასხვავებული სქესის კანდიდატი უნდა იყოს.

38 000-მდე მოქალაქის ხელმოწერით შესული საკანონმდებლო ინიციატივის გარშემო დეპუტატებს შორის აზრი ორად არის გაყოფილი.

banner
წინა სტატიაშიქეთევან ციხელაშვილი ევროპის საბჭოს დემოკრატიაზე მომხსენებელთა ჯგუფის წევრებს შეხვდა
შემდეგი სტატია„ქართული მარშის“ წევრებმა სასამართლოზე „მამაო ჩვენო“ წარმოთქვეს