„მთავარი კითხვა ისმის, გრიგოლ ვაშაძეს უფასო რეკლამის ასეთი დიდი დრო რატომ აქვს?”

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ უფრო დეტალური დაინტერესებაა საჭირო, რატომ არის სხვაობა წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ რეკლამასთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის საარჩევნო შტაბებიდან წარდგენილ და „რუსთავი 2“-ის მიერ კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის წარდგენილ ინფორმაციას შორის.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული დასკვნა დამაფიქრებელია.

ამასთან, ვიცე-სპიკერის თქმით, ისმის მთავარი კითხვა, რატომ ჰქონდა გრიგოლ ვაშაძეს ასეთი დიდი უფასო სარეკლამო დრო.

„მთავარი კითხვა ისმის, გრიგოლ ვაშაძეს უფასო რეკლამის ასეთი დიდი დრო რატომ აქვს? ამაზე პასუხი ნათელია, ეს არის პარტიული ტელევიზია. გამოდის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თანხა ერთი ჯიბიდან ამოიღო და მეორე ჯიბეში გადაიდო. უსამართლობასთან ერთად პოლიტიკური დასკვნებიც ადვილად გაკეთდება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2“-ის მიერ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წარდგენილ დოკუმენტაციებსა და პოლიტიკური პარტიების მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარდგენილ დოკუმენტაციებს შორის მნიშვნელოვანი ცდომილებაა. ასევე, უწყების ცნობით, „რუსთავი 2“-მა უფასო პოლიტიკური რეკლამის ლიმიტის გაზრდით, გრიგოლ ვაშაძეს დამატებით 1,281,511 ლარის რეკლამა აჩუქა.

2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების ანალიზი კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გააკეთა.

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბანძაში
შემდეგი სტატიახობში ავტოსაგზაო შემთხვევას 28 წლის მამაკაცი ემსხვერპლა