მთავარი კითხვა დღეს პასუხგაცემულია – გიორგი მამალაძე ადამიანის მკვლელობას ამზადებდა

მთავარი კითხვა დღეს პასუხგაცემულია, კერძოდ ის, რომ გიორგი მამალაძე ადამიანის მკვლელობას ამზადებდა, – ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან არ გამორიცხა, რომ ცალკე წარმოებად გამოყოფილ საქმეზე სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ჯარჯი წიკლაურმა აღნიშნა, რომ ამ საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს.

„გამოძიება გაგრძელდება და იმ საკითხებს, რომელიც გამოძიების წინაშე დგას, ვიმედოვნებთ ყველაფერს ამომწურავი პასუხი გაეცემა. თუმცა, მთავარ კითხვას პასუხი უკვე გაეცა. კერძოდ იმას, რომ გიორგი მამალაძე ადამიანის მკვლელობას გეგმავდა“, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. განაჩენის გამოცხადებას თავად ბრალდებული დეკანოზი არ ესწრებოდა.

მოსამართლემ დეკანოზს ბრალდება გადაუკვალიფიცირა – ანგარებით მკვლელობა მოუხსნა და მხოლოდ მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ, ასევე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალში. მკვლელობის მომზადებისთვის დეკანოზს 9-წლიანი პატიმრობა შეეფარდა, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის შთანთქმის პრინციპით უფრო მაღალმა სასჯელმა შთანთქა უფრო დაბალი და საბოლოოდ, გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

banner
წინა სტატიაშიძალიან მწყდება გული, რომ სასამართლო არ დგას თავის სიმაღლეზე, ეს იყო უსამართლო გადაწყვეტილება
შემდეგი სტატიამამა ანდრია: ვნახეთ, რომ დეკანოზს განაჩენი შორენას ბანდასთან ერთად გამოუტანეს