,,მთავარი ჯვრებზე მოწყობილი სპეციალური ბრიფინგები არ არის… ისინი მსუბუქ სევდას თუ მოჰგვრის კაცს”-ნუგზარ წიკლაური

ნუგზარ წიკლაური: საბოლო მიზანი კი იქნება საქართველოს უნიათო ხელისუფლების მოცილება

,,მთავარი ჯვრებზე მოწყობილი სპეციალური ბრიფინგები არ არის… ისინი მსუბუქ სევდას თუ მოჰგვრის კაცს.

მთავარი, რა თქმა უნდა, ჰააგაა და ივანიშვილის მთავრობის გაცხადებული და დაუფარავი ღალატის აქტი საქართველოს მიმართ. მეორდება კოსოვოს პრეცედენტი. თუკი თვით ოკუპირებული საქართველოს მთავრობა ადანაშაულებს საკუთარ ქვეყანას სამხედრო დანაშაულში, საფრთხე კიდევ უფრო რეალური ხდება. საფრთხე კი, გაზვიადების გარეშე, ემუქრება ჩვენს სამშობლოს, მის მომავალს, ქართული სახელმწიფოს ბედს და ტერიტორიულ მთლიანობას.

ივანიშვილის ხროვის მიერ საქმის საქართველოში გამოძიებაზე უარის თქმა არ ტოვებს კითხვის ნიშნებს: აკი, უღირსად ამტკიცებდნენ წლების განმავლობაში მსხვერპლის დანაშაულს, ბრალად სდებდნენ ჩვენს ქვეყანას ომის დაწყებას და მძინარე ქალაქის დაბომბვას… ერთადერთი მიზნით, რომ მოძალადე რუსეთისთვის პასუხისმგებლობა აერიდებინათ და ხელისუფლებაც მათი დახმარებით შეენარჩუნებინათ. ახლა კი სურთ მოსყიდული და დაშინებული მოწმეებით ბრალი წაუყენონ ოპოზიციას და სინამდვილეში კი ჩვენს ქვეყანას უკვე სამხედრო სასამართლოს ხელით.

გავრილოვის მთავრობა დგამს ნაბიჯს, რომელიც უთუოდ შეფასდება, როგორც საქართველოს ახლანდელი და მომავალი თაობების მიმართ ჩადენილი ისტორიული ღალატი. ღალატი, რომლის არდაშვება არის ყველა პატრიოტის მოვალეობა.

ამ მართლაც ტრაგიკულ ფონზე პოლიტიკურ დალტონიზმად და არაადეკვატურობის მწვერვალად მოჩანს ჭიქაში მოწყობილი ქარბორბალები და კომიკური მქუხარე სპეცბრიფინგები ნაციონალური მოძრაობის და მიშა სააკაშვილის წინააღმდეგ. ჰაი, ასავალ-დასავალიო, ირმა ინაშვილიო, პატრიოტთა ალიანსიო, ვასაძეო… ის ვასაძეო, რომელიც მათივე პოლიტიკური მოკავშირის – ხაზარაძის უპირობო ზნეობრივ-ეროვნული მეტრია 😂 ფინალური აკორდები კი ბეთჰოვენის, ლიუდვიგ ვანისა: ხალხნოოო, ახლა ხომ მაინც მიხვდით, რომ სხვისი მანდატთმპყრობელი ევროპელნი ვართ ერთადერთი დინჯი და პრინციპული ძალაო.

ფორმებს აქვს მნიშვნელობა პოლიტიკაშიც, მაგრამ შინაარსზე მეტ მნიშვნელობას ფორმას ვერავინ შესძენს. ფორმები მოგეწონება და არ მოგეწონება. თუმცა, შინაარსი კი სააკაშვილის გამოსვლისა ის არის, რომ საქართველო ძველი კულტურის, ტრადიციების, ისტორიული გზის ქვეყანაა; ჩვენ გვაქვს ჩვენი უნიკალური თავგადასავალი, რომლის სიყვარული, პატივისცემა და შენახვა ჩვენი ვალია. ჩვენ გვტკივა ამ გზაზე გამოვლილი ტრაგედიები და გული გვინათდება დიადი გამარჯვებებით, ვკითხულობთ თხუთმეტი საუკუნის წინ დაწერილ წიგნებს და ვუყურებთ კიდევ უფრო ძველ ტაძრებს და სიმაგრეებს – ჩვენი ხალხის დაწერილს დააშენებულს.

ჩვენ ვიცავდით და ვაპირებთ მათ დაცვას, როგორც ჩვენი ცოცხალი მეხსიერების ელვარე ნიშანსვეტებისას, რათა ჩვენს შემდგომ თაობებს მივცეთ ამ ისტორიის უწყვეტი ჯაჭვი ხელში.

ეს არის ჩვენი საქმის არსი, ეს არის ჩვენი რწმენა, ეს არის ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის ერთი მთავარ საზრისთაგანი. პროგრესი, განვითარება, მდიდარი და ძლიერი საქართველო ხომ იმისთვისაც გვინდა, რომ თაობების ნაშრომი და ნაბრძოლი, ჩვენი ხალხის დიდი შემოქმედება არ მიინავლოს ამ დროის ტრიალში… გადაეცეს ჩვენს შემდგომ მოსულთ!

ასე რომ, პოლიტიკური პერფორმანსები, დაბერილი ძარღვები და მრისხანება ივანიშვილისკენ მივმართოთ: იქ არის სათავე ამ უბედობის, სადაც აღმოვჩნდით. ისინი ადგენენ რუსებთან ერთად საქართველოს დამხობის გეგმებს და თუ ვერ გავუძელით ამ შემოტევებს, თუ ვერ დავიცავით დამოუკიდებლობა და თავისუფლება, თუ ვერ ავარიდეთ საქართველოს ომში ბრალი, ვეღარავინ ვერ გავმართლდებით: ვერც ჯვრიანები, ვერც სტიქაროსნები და ვერც ისინი, ვისაც საერთოდ არ ჰქონია ჯვარი და არც ტელეეთერში მისულა არასოდეს ”დედაოს” ნაჩუქარი ფსკვნილით.”-წერს ნუგზარ წიკლაური

banner
წინა სტატიაშიხაბეიშვილი სააკაშვილზე: ეკლესიაზე საუბარი და ის, რომ ვინმე მართლმადიდებელია, “ტეხავს”?
შემდეგი სტატიამარტვილის მე-2 საბავშვო ბაღში 16 აღსაზრდელი მოიწამლა-