“მთავარი არხის” 4 თანამშრომელს თავს დაესხნენ – ჟურნალისტს თავი აქვს გატეხილი

მთავარი არხის ინფორმაციით, მარნეულში მათ 4 თანამშრომელს თავს დაესხნენ. მათი ცნობით, ფიზიკურად გაუსწორდნენ 2 ჟურნალისტსა და 2 ოპერატორს, ჟურნალისტს თავი აქვს გატეხილი.

“დაზიანებულია აპარატურა, მათ წაართვეს მიკროფონები”, – აცხადებენ ტელევიზიაში.

დაპირისპირება მარნეულში “ქართული ოცნების” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებს შორის მოხდა. “ოცნების” მხარდამჭერები თავს საოლქო კომისიაში ენმ-ს წევრს, ლაშა ქველაძეს და მის მანქანაში მსხდომ პირებს დაესხნენ.

ლაშა ქველაძე საავადმყოფოშია გადაყვანილი. დამტვრეულია მისი მანქანა.

ადგილზე იმყოფებოდა პოლიციაც.

მარნეულში ვითარება რამდენიმე საათის წინაც დაძაბული იყო.”ენმ”-სა და “ოცნების” წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ, ამის მიზეზი კი საოლქო კომისიის წევრების არჩევა გახდა. ოპოზიცია ხელისუფლებას კომისიების საკუთარი წევრებით დაკომპლექტებაში სდებს ბრალს.

მომხდარს ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და ტრადიციულად ყველაფერში ოპოზიცია დაადანაშაულა. მისი თქმით, “ენმ”-ს წევრმა კომისიის წარმომადგენელს პერანგი შემოახია.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც და აღნიშნა, რომ ადგილზე საოლქო კომისიის წევრს სცემეს, არაუფლებამოსილი პირები კი კომისიაში შეჭერას ცდილობდნენ. ცესკო გავრცელებულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ გმობს ძალადობასა და საოლქო საარჩევნო კომისიაზე ზეწოლის მცდელობას.

აღსანიშნავია, რომ დღესვე მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს დაუპირისპირდა. საჯარო მოხელე სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მას შემდეგ გადავიდა, რაც ჟურნალისტის კითხვამ გააღიზიანა.

banner
წინა სტატიაში„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ საარჩევნო კამპანიისას გამოვლენილ დაღვევებთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს
შემდეგი სტატიასლოვაკეთის საელჩო რეგიონის 6 ბაღში ატრაქციონების მოწყობას აფინანსებს