მთავარ საფრთხედ რუსეთის ექსპანსიური პოლიტიკა რჩება – სუს-ის ანგარიში

საქართველოსა და რეგიონთან მიმართებით რუსეთის ფედერაციის გრძელვადიანი სტრატეგიული მიზნები არ შეცვლილა და მთავარ საფრთხედ კვლავ მისი ექსპანსიური პოლიტიკა რჩება, – ამის შესახებ საუბარია სუს-ის ანგარიშში, რომელიც უწყებამ პარლამენტს დღეს, 19 აპრილს წარუდგინა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით, განსაკუთრებით რთული გამოწვევა 2020 წელს, საქართველოს ორ მეზობელ სახელმწიფოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირება და აღნიშნულთან დაკავშირებული საფრთხეები იყო. მათივე შეფასებით, მთიან ყარაბაღში სამხედრო კონტინგენტის განთავსებით, რუსეთი რეგიონზე სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის ბერკეტების გამყარებას ცდილობს, რამაც, შესაძლოა, რეგიონის უსაფრთხოების გარემოზე მნიშვნელოვნად იმოქმედოს.

2020 წელს, კონფლიქტის ზონაში განვითარებული მოვლენების ფონზე, დაინტერესებული ჯგუფები განსაკუთრებით გააქტიურდნენ საქართველოში ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების მიმართულებით. აღნიშნული ჯგუფები აქტიურად ცდილობდნენ საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელ და სომეხ მოქალაქეებს შორის ვითარების დაძაბვას, კონკრეტული მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე კონფლიქტის გადმოტანას და იქ არსებული მშვიდობიანი გარემოს დაზიანებას.

ამასთანავე, მიზანმიმართულად მიმდინარეობდა ქართულ-აზერბაიჯანული და ქართულ-სომხური ურთიერთობების დამაზიანებელი განწყობების წახალისება. დესტრუქციული პროცესების ხელშესაწყობად, ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაციები მიმდინარე მოვლენებში საქართველოს სხვადასხვა ფორმით ჩართულობის შესახებ. დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ერთ-ერთ ძირითად მიზანს საქართველოს, როგორც რომელიმე დაპირისპირებული მხარის მხარდამჭერ ქვეყნად წარმოჩენა წარმოადგენდა, რისთვისაც აქტიურად იყენებდნენ სხვადასხვა მედია და ინტერნეტსაშუალებას.

შექმნილი ვითარების ფონზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდა სომხეთისა და აზერბაიჯანის შესაბამის უწყებებთან. უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება მიღებული იყო რეგიონში მიმდინარე პროცესების დარეგულირების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, – წერია სუს-ის 2020 წლის ანგარიშში.

banner
წინა სტატიაშივაშაძე: თაკო ჩარკვიანის პარტიას საკუთარი სტრატეგია აქვს, ახალი დოკუმენტის საჭურისად მოხსენიება არასწორია
შემდეგი სტატიაევროკავშირის ოფისში ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა 20:30 საათზე ჩაინიშნა