მთავარ პროკურატურასთან “თავისუფალი დემოკრატების” აქცია მიმდინარეობს

ალასანიააასაქართველოს მთავარ პროკურატურასთან პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ ე.წ. კაბელების საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გამო, საპროტესტო აქციას მართავენ.აქციას „თავისუფალი დემოკრატების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები შეუერთდნენ.

როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, „კაბელების საქმეზე“ დაკავებული ადამიანები პოლიტიკური ტყვეები არიან და დღევანდელი აქცია უსამართლობის განცდის გამოხატვაა.

„მთავარი საკითხი, რისთვისაც შევიკრიბეთ არის ის, რომ გამოვხატოთ სოლიდარობა უდანაშაულო ადამიანების მიმართ, რომლებიც ციხეში პოლიტიკური დაკვეთით აღმოჩნდენ. მათ ოჯახებს თანადგომა ძალიან სჭირდებათ. მეორე, რისთვისაც შევიკრიბეთ, ეს არის უდიდესი უსამართლობის განცდა, პროტესტის განცდა ხელისუფლების მიმართ, რომელმაც ეს ადამიანები ვერ დაიცვა უსამართლობისგან. სამწუხაროდ, ეს უწყება ხელისუფლების ხელში პოლიტიკურ იარაღად რჩება“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

„პრეზიდენტისგან ველოდები, რომ მას ძალიან აღელვებს თავისი ჯარისკაცების და ამ ხუთი უდანაშაულო ადამიანის ბედი. ველოდები ნაბიჯს, მაგრამ სწორ მომენტში. მესმის, რომ სამართლებრივად მან თავიდან უნდა შეაფასოს მთლიანად პროცესი და აქედან გამომდინარე, ეჭვი არ მეპარება, რომ საბოლოოდ ეს ადამიანები გამართლდებიან. შეწყალება არ არის ის სიტყვა, რომელსაც გამოვიყენებდი. ამ ადამიანებს შესაწყალებელი არაფერი სჭირთ. ისინი უდანაშაულოები არიან“, – განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებული თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები ნუგზარ კაიშაური, გიზო ღლონტი, დავით წიფურია, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე დამნაშავედ ცნო და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. სასჯელის სახედ და ზომად ბრალდებულებს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

საქართველოს პრეზიდენტს ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული თავდაცვის სამინისტროს ხუთი ყოფილი მაღალჩინოსნის შეწყალების თხოვნით პარტია „ეროვნულმა ფორუმმა“ მიმართა.

banner
წინა სტატიაშითამაზ მეჭიაურმა “ქართული ოცნება” დატოვა
შემდეგი სტატია“თავისუფალი დემოკრატების” აქციას “ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც უერთდებიან