მთავარ პროკურატურაში „საერთაშორისო გამჭვირვალობის” წარმომადგენლის, ლევან ნატროშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს

საქართველოს მთავარ პროკურატურაში ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დაბეჭდვის საქმეზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი გამოკითხვაზე მივიდა.

როგორც ნატროშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის გამოძიებას ახალ ინფორმაციას ვერ მიაწვდის, რადგან ის ფლობს მხოლოდ იმ ინფორმაციას, რაც გააჟღერა ეკა გიგაურმა და რაც აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნატროშვილის განცხადებით, ის ერთ-ერთი იყო, ვინც გაესაუბრა წყაროს და მის სანდოობაში ეჭვი არ ეპარება.

ნატროშვილის თქმით, არ აპირებს გამოძიებას მიაწოდოს წყაროს მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენელი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მინისტრის მხრიდან მსგავსი შინაარსის განცხადება გამოძიების ობიექტურობას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ.

„ეკა გიგაურმა რა ინფორმაციაც მიაწოდა გამოძიებას, იგივე ინფორმაციის მიწოდებას ვაპირებ, რადგან სხვა დამატებით ინფორმაციას არ ვფლობ, მე თავად ვესწრებოდი წყაროსთან საუბარს, რომელმაც მოგვაწოდა აღნიშნული ინფორმაცია. რომ არ გვქონდეს მის მიმართ ნდობა, ბუნებრივია, ამ განცხადებებს არ გავაკეთებდით. მე არ ვაპირებ დავასახელო წყარო. გამოძიებას აქვს სხვა დანარჩენი ინფორმაცია, კონკრეტული სახელი და გვარები, ასევე სხვა დამატებით ინფორმაციაც, რომლის გადამოწმებაც შეუძლია“, – აღნიშნა ლევან ნატროშვილმა.

ლევან ნატროშვილი ასევე სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც მესამე სექტორს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ მათ მიერ დასახელებულ ვადებში ის ოფიციალური მივლინებით ქვეყნის საზღვრებს გარეთ იმყოფებოდა.

ნატროშვილი აღნიშნავს, რომ არასამთავრობო სექტორს არ გაუკეთებია განცხადება, რომ უშუალოდ თათბირს სოსო გიორგაძე ესწრებოდა.

ლევან ნატროშვილის ინფორმაციით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს მიაწოდა ამომრჩეველთა საერთო სია, რომელიც უკვე შესწავლის პროცესშია და რომლის დასრულების შემდგომაც გაკეთდება დამატებითი განცხადებები იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება აღმოჩენილი

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია – ვალერი გელაშვილის ცემა იმ სისასტიკისა და ძალადობის კლასიკური მაგალითია, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას იყო
შემდეგი სტატია,,მიხეილ სააკაშვილის მხრიდან საუბარი, რომ ერთ თვეში ან უფრო ადრე მთავრობის რადიკალური ცვლილება მოხდება, არასწორია”