მთ. ეპ. ზენონი: მთავარ ხელსაქმედ ნიღაბთა დამზადება ვაქციეთ

ყოველი ჩვენგანი თავისებურად ნიღაბმორგებული საუბრობს ზნეობაზე, მორალზე. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ყოველ ჩვენგანს ჭირს თავისი წილი უზნეობა. მახსენდება ეკლესიის მოძღვართა მიერ ჩამოყალიბებული განსაზღვრება ზნეობრივი ადამიანის შესახებ, თუ ვის ეწოდება ზნეობრივი ადამიანი. ისინი ამბობენ: არავის კაცთაგანს! მაგრამ, ვინც ცდილობს გახდეს ზნეობრივი, მას შეიძლება ეწოდოს ზნეობრივი! თითქმის, ყოველ ჩვენგანს აქვს უხილავი ნიღაბი დაკიდული კართან, რომელსაც უმალ ჩამოიცვამს ხოლმე, როგორც კი გასვლას დააპირებს სახლიდან (ეს ნიღაბი, სამწუხაროდ, ოჯახურ ურთიერთობაშიც გამოიყენება).

შინიდან გასულს ხომ მსგავს ნიღბოსანთა აურაცხელი რაოდენობა ელოდება. რა ხდება? ამ ნიღბის გარეშე ცხოვრება, ვაი რომ, შეუძლებელი ხდება. არ დამინახონ ისეთად, როგორიც სინამდვილეში ვარ. არ დაინახოს სხვამ ჩემი სიშიშვლე. სინამდვილეში ყველა შიშველია, ყველა ის არის, რაც არის. იქნებ ასეა, და ვაი რომ ასეა, ჩვენ ყველა ერთად ხომ უზარმაზარ სიცრუეში ვცხოვრობთ. მთავარ ხელსაქმედ ნიღაბთა დამზადება ვაქციეთ, როდესაც დავინახეთ, რომ მასზე მოთხოვნილება დიდია. შემზარავია ეს ყოველივე და უფრო მეტად შემზარავია, როდესაც იძულებული ხდები, შენი ბუნებრივი სახე მასზე უდარესი საბურველით შემოსო.

სიცრუეს ბუნდოვანება სჩვევიაო აღნიშნავს წმ. ბასილი დიდი. არ არის ძნელი, მიხვდე ადამიანი, თუ რატომ ყოფილა დაბინდული წუთისოფელი. ეს ბინდი ცდილობს, ერთნაირად შემოსოს დიდიც და პატარაც,იმდენად დაუნდობელია. მხოლოდ ერთეულთ თუ ჰყოფნით გამბედაობა და უნარი, უარი უთხრან ამ ყოველივეს. ასე იყო დასაბამიდან და ასე გრძელდება დღესაც. თუმცაღა ამ ერთეულთა კეთილსინდისიერება და გამბედაობაა სწორედ ის ნათელმზიანობა, რომელიც თავისი ელვარებით თვალთამზერას წარტაცებს ნიღაბმოსილობით დაღლილს, რათა წამიერად მაინც შეავლოს თვალი მონატრებულ, ბუნებრივ სახეს. ვძებნო სიმართლე სხვაში და არა საკუთარ თავში. რატომ? მოვუწოდო სხვას, პატივი მცეს და არ მივმართო სხვას ამ გრძნობით. რატომ? აღვნიშნავდე უზნეობას სხვაში და არა ჩემში. რატომ? ვასამართლებდე მას და არა ჩემს თავს.რატომ? ალბათ, იმიტომ, რომ სხვაში გვძულს ის, რაზეც ჩვენ გვქენჯნის სინდისი. არ გვაქვს მშვიდობა და თანხმობა გულსა და გონებასთან და გვიადვილდება ილუზიის წყალობით მეორე ადამიანში საკუთარ თავთან შებრძოლება.

სინამდვილეში ეს ყოველივე გვამხელს, რომ დამახინჯებული, უშინაარსო და უშედეგო მეთოდებით ვებრძვით საკუთარ თავს, რადგან არ ვიცით საკუთარ თავთან მუშაობის ხელოვნება. და რამდენადაც მრავალი, ამ მეცნიერების უცოდინარია, მით მეტი სიმძაფრითა და გაშმაგებით ვაზიანებთ ერთმანეთს. ვეძებთ ბედნიერებას, სიხარულს, სიყვარულს, სიმშვიდეს, მაგრამ არც ერთი არ მყოფობს ჩვენში, რადგან ეს ყოველივე საკუთარ თავზე გამარჯვების შედეგად იშვება მხოლოდ. გამარჯვებასაც კი შევუცვალეთ შინაარსი ჩვენს ცნობიერებაში და ეს ცნება ისევ სხვაზე პირადი გავლენისა და წარმატების აღსანიშნ ცნებად ვაქციეთ. დაგვავიწყდა, რომ თითოეული ადამიანის საკუთარ თავზე გამარჯვება საყოველთაო გამარჯვების საწინდარი იქნება. შეიძლება იკითხოს ვინმემ : მაშ რა ვქნათ, შევწყვიტოთ საუბარი ზნეობაზე? რათქმაუნდა არა! საკუთარ თავს ესაუბრე ზნეობაზე, დიახ ესაუბრე! ხოლო სხვასთან -ისაუბრე. ალბათ რთულ გასაგებს არ წარმოადგენს რაში მდგომარეობს სხვაობა ესაუბრე-სა და ისაუბრე-ს შორის. საკუთარ თავში უზნეობის გამთვითცნობიერებელს ძალუძს მხოლოდ მეორე ადამიანთან დამაჯერებელი საუბარი ზნეობრივ სრულყოფილებაზე, იმის გათვალისწინებით რომ, ზნეობრიობის მახასიათებელი გამოვლინება მოკრძალებაა. და სხვა- ეს უკვე შენ არ ხარ ! .

 მთ. ეპ. ზენონი

banner
წინა სტატიაში​მგალობლიშვილის ქუჩა, ბოლო ორი დღის განმავლობაში, მეორედ დაიტბორა
შემდეგი სტატიაალექსანდრე მოწერელია: სქურს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და მოვახდენთ საკითხის ძირეულ შესწავლას