მტერი ჩემი – ძმა ჩემი – ლევან ანჯაფარიძის ფილმი აფხაზეთზე

მრავალწლიანი იძულებითი შესვენების და დევნის შემდეგ, კინორეჟისორმა ლევან ანჯაფარიძემ („ორმაგი სახე“, „ბუდე“, „მას საქართველო ჰქვია“ და ა.შ.) ფილმი გადაიღო. ფილმი, რომელსაც ცრემლის გარეშე ვერც ერთი ქართველი ვერ ნახავს.
ფილმი, „მტერი ჩემი – ძმა ჩემი“, სადაც რამდენიმე წუთში ჩაეტია აფხაზეთი – ტრაგედია, ტკივილი, ცრემლი, სიყვარული.
„კინოთეატრ ამირანში, რეჟისორ ლევან ანჯაფარიძის ფილმის პრემიერაზე „მტერი ჩემი- ძმა ჩემი!” , სადაც მიპატიჟებით აღმოვჩნდი, ერთი საათის მანძილზე ჩემს მეხსიერებაზე ტკივილიან ზეგავლენას ახდენდა. საბედნიეროდ ფილმის ფინალმა ყოველგვარი ტკივილი ჩაძირა, იქვე მიმავიწყა და მხოლოდ დადებით, ქრისტიანულ, მიმტევებლური განწყობის რელსებზე გადამიყვანა.
ფილმის სიუჟეტ(ებ)ი სრულ რეალობას ასახავს. განსაკუთრებით, კავკასიელთა ბჭობას გამოვყოფდი. ჩვენი წარსულის სრული გაცოცხლებაა (ერთ-ერთ, დაახლოებით ასეთში, მეც მიმიღია მონაწილეობა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ეს შეხვედრა რუსების ბაზაზე, მათი ინიციატივით იყო მოწყობილი და ჩაიშალა). ფილმის მთელი წითელი ხაზი სწორედ ამ პერსონაჟთა მოკლე, მაგრამ ძალიან ღრმა მნიშვნელობის გამონათქვამებზე, პოზიციებზეა დაფუძნებული (ნათელში ამყოფოს უფალმა გიორგი ანუას სული).
ეს ფილმი ყველა აფხაზმა უნდა ნახოს. ნახავენ კიდევაც …
შედეგი, შედეგი რა იქნება?!
კარგად ვიცნობ რა თანამედროვე აფსუა „მმართველებს“, განსაკუთრებით რაულ ხაჯინბას, რომელთანაც სტუდენტური წლები მაკავშირებს, მათ, რუსების მიერ დეგრადირებულ მენტალიტეტს, მიმაჩნია, რომ ეს ფილმი აფხაზებს ორ ნაწილად გაყოფს -ტოგოებად და ასტამურებად. (ფილმის გმირები) საბოლოოდ პირველი ნაწილი (ტოგოები) ხმას მაინც ვერ ამოიღებს, გულში შეინახავენ და ისე წავლენ ამ ქვეყნიდან, ხოლო ასტამურები და მათი შვილები – “ასტამუროვიჩები და იმათი „იჩები“, სწორედ რომ გენერელი და სომხური კონიაკ – წრუპია სალდაფონოვიჩები არიან და საქართველოს, ქართველს, როგორც კავკასიელები მიიჩნევენ – როგორც უფროს ძმას კავკასიაში, არ დაუშვებენ, სანამ არ შეწუხდებიან საერთაშორისო ზეწოლებისაგან.


ჩემს სახლში, ბაბუშარაში, ამჟამად აფხაზი ოჯახი ცხოვრობს. იგი მეოთხეა 1992 წლის 27 სექტემბრის შემდეგ, ვინც იქ ჩასახლდა. რამდენიმე წლის წინ, ერთმა აფხაზმა მეზობელმა, რომელიც მხოლოდ მისი სიკვდილის წინ გავიგე, რომ თურმე აფხაზი ყოფილა, ჩემი სახლის მფლობელებთან თბილისში გამომგზავრებადე დასამშვიდობებლად მისულს, ოჯახის უფროსმა ჩემთან დააბარა – თუ მშვიდობით მოვლენ, რაც მე გავაკეთე უნდა ამინაზღაუროსო (მართებულია მისი მოთხოვნა, რამეთუ როდესაც შემოსახლდა, ფაქტობრივად მხოლოდ სახლის კარკასი დახვდა, შემდეგ კი აღადგინა ყველაფერი და მეზობლისაგან უკანონოდ თუ კანონიერად წამოღებული ჯარგვალიც კი ზუსტად იმ ადგილზე ააგო, სადაც მე მქონდა განზრახული). როდესაც ეს საუბარი მისმა შვილმა (იგი ჩემს სახლში გაიზარდა და დაქორწინდა), გააპროტესტა მამამისის ნათქვამი, განუცხადებია – ყველას ვესვრი ვინც ამ სახლს შემეცილებაო.
ჩემი სახლის ამჟამინდელი ოჯახის უფროსი – ტოგოა (მამაჩემის თაობა. საუბრობს მეგრულად, ქართულად წერს და კითხულობს), მისი შვილი კი ასტამურია. ამ ასტამურს უკვე შვილიც ჰყავს (ასტამუროვიჩი). ასტამური და ასტამუროვიჩი წმინდა ანტიქართულ გარემოში გაიზარდნენ, მათ დღემდე ეუბნებიან, რომ ქართველები ფაშისტები, ოკუპანტები, სისხლის მსმელები არიან და განსაკუთრებული სიძულვილი აფხაზების მიმართ გააჩნიათ.


დრო გადის …(„პოჟივიომ უვიდიმ“ – რუსი სალდაფონოვიჩის კომენტარი ჟურნალისტის კითხვაზე), ტოგოები კი ჩუმად არიან (ეს ერთ ერთი ნაკლოვანი თვისებაა ამ ხალხის – სხვაგვარად ფიქრობს, მაგრამ არ იტყვის, სანამ ყოჩი ამის უფლებას არ მისცემს) და ასევე ჩუმად მიდიან ამ ქვეყნიდან, ასტამური და ასტამუროვიჩები კი სულ უფრო ბევრნი და ბევრნი ხდებიან.
ეს რეალობაა, მაგრამ ისევ ქრისტიანული, მიმტევებლური რელსიდან ვერ გადმოვდივარ და მიმაჩნია, რომ ფილმის მთავარი პათოსი (მიმტევებლობა) უნდა დაიშვას, მოისინჯოს, შეიძლება ვცდებოდე მის უშედეგობაში – იქნება ასტამურმა და ასტამუროვიჩმა სწორად წაიკითხონ თავიანთი ისტორია, წარსული და მიხვდნენ, რომ მათი არც თუ ისე გვიანდელობა, სალდაფონოვიჩის შეთხზულია, განხორციელებულია და იქნებ ტოგოს ძეგლი დაუდგან. ეს ძეგლი მას ნამდვილად ეკუთვნის. ამის მორალურ – ისტორიული საფუძვლები გიომ, ფილმის მთავარმა გმირმა, ქართველმა შექმნა. გიომ, შური მტერზე პირდაპირ არ იძია – ბომბს, რომელმაც მისი ოჯახი ამოხოცა, “საჩუქრით” უპასუხა… ეს საჩუქარი უფრო დიდი აფეთქების ტოლფასია ტოგოსა და მისნაირებისათვის, ვიდრე რუსის სამხედრო ქარხანაში დამზადებული ბომბი დააყენებდა შედეგს – მათ ფიზიკურ განადგურებას.


აი სწორედ მაშინ, როდესაც აფხაზი ტოგოს ძეგლს დაუდგამს, (თუკი ეს მოხდება) იქნება სალდაფონოვიჩის პოლიტიკის სრული ფიასკო, რუსის ჩექმის საბოლოო ამოძირკვა კავკასიიდან, ბოროტების იმპერიის სრული განადგურება და ჭეშმარიტების ზეიმი.
სწორედ ეს არის ამ ფილმის შესანიშნავი გადაწყვეტა, რომლის ფინალითაც
ქრისტიანული პათოსით გამსჭვალული რჩება მაყურებელი და ეს იმედი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა.
ყოჩაღ, ბატონო ლევან!
ეს არის ფილმი, რომელიც ყველამ უნდა ნახოს !“

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი აშშ-ში შეხვედრებს გამართავს
შემდეგი სტატიაანა დოლიძე : რაც გუშინ საქართველოს მოქალაქეებმა ტელევიზიით ვნახეთ, არ იყო სასიამოვნო სცენა