მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელება უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულს აღწევს – გაზრდილია სიკვდილიანობის მაჩვენებელიც

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა დღითი დღე იზრდება. უცხოური პრესა წერს, რომ გაერთიანებული სამეფო, მეხუთე ქვეყანა გახდა, სადაც კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 50 000-ს გადააჭარბა. ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული სტატისტიკა ძალიან საგანგაშოა და დიდი ალბათობით, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ვირუსის გავრცელების დინამიკა კვლავ მზარდი იქნება.

რთული ვითარებაა პოლონეთშიც. ადგილობრივი მედიის ცნობით, 12 ნოემბერს, პოლონეთში კორონავირუსით ინფიცირების 22 683 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 640 000-ს გადააჭარბა. დაწესებული აკრძალვების მიუხედავად, 11 ნოემბერს, ქალაქ ვარშავაში, ულტრამემარჯვენე და ნაციონალისტური ჯგუფების ათასობით წარმომადგენელმა, პოლონეთის ეროვნული დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, მსვლელობის გამართვა სცადა. პოლიციის COVID-19-ის გავრცელების რისკებთან დაკავშირებული მოწოდებების უგულვებელყოფის შემდეგ, სამართალდამცველებს, ძალის გამოყენებით, მომიტინგეებს დაშლა მოუხდათ. პოლიციელებმა რეზინის ტყვიები მას შემდეგ გამოიყენეს, მას შემდეგ რაც აქციის მონაწილეებმა, მათი მიმართულებით, ქვების სროლა დაიწყეს.

ესპანეთში მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, მომსახურების სექტორი შეზღუდვებს დაექვემდებარა. კატალონიაში რესტორნები, ბარები, სავაჭრო ცენტრები და სასტუმროები 23 ნოემბრამდე დახურული დარჩება. 23 ნოემბრიდან, ესპანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალი რისკის ზონაში მყოფი ქვეყნებიდან მომავალი ვიზიტორებისთვის, ქვეყნის საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი;

12 ნოემბერს, ბალტიის სამივე ქვეყანაში, ინფიცირების დღიური მაჩვენებლების ზრდა დაფიქსირდა. ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი ლიეტუვაში – 1 553 შემთხვევა გამოვლინდა, ლატვიაში მორიგი ანტირეკორდი – 533 ფაქტი დაფიქსირდა, ესტონეთში კი შემთხვევების (+374) ნახტომისებური ზრდა მოხდა;

11 ნოემბერს, კვიპროსის მთავრობამ ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ზონაში (ლიმასოლის და პაფოსის რეგიონები) 30 ნოემბრამდე „ლოქდაუნი“ გამოაცხადა. დაიკეტება რესტორნები და ბარები. აიკრძალება აუცილებლობის გარეშე სახლიდან გასვლა. კომენდანტის საათი 20:00-05:00 პერიოდში იმოქმედებს. აღნიშნული რეგიონების დატოვება ან რეგიონებში ჩასვლა შეიზღუდება. აიკრძალება ყველანაირი შეკრება. სკოლები (გარდა დაწყებითი კლასებისა) და უმაღლესი სასწავლებლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავა. საჯარო მოხელეების ნაწილი დისტანციურად იმუშავებს. დაიხურება თეატრები, კინოთეატრები, მუზეუმები, სავაჭრო ცენტრები, კაზინოები, სილამაზის სალონები, სავარჯიშო დარბაზები;

რუსეთი 12 ნოემბერს, ერთ დღე-ღამეში, COVID-19-ით ინფიცირებულთა გარდაცვალების მორიგი ანტირეკორდი – 439 ფაქტი დაფიქსირდა. ინფიცირების კი 21 608 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა კვლავ მოსკოვში ფიქსირდება. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დედაქალაქში ინფიცირების 6 000-ს შემთხვევამდე დაფიქსირდა; მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, ბოლო 4 კვირის განმავლობაში ქალაქის კლინიკებში მიყვანილ პაციენტთა რაოდენობა აჭარბებს გაწერილ მოქალაქეთა რაოდენობას. მისი თქმით, კვირის განმავლობაში, დამატებით 500-მდე საწოლის დამატება ხდება საჭირო, რაც ჯანდაცვის სექტორზე უდავოდ დიდი დატვირთვაა.

რაც შეეხება თურქეთს, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ფაჰრეტინ კოჩას ბრძანებით, პირბადის ტარების წესის უკეთ აღსრულებისთვის, 12 ნოემბრიდან ქუჩებსა და ხალხის თავშეყრის ღია სივრცეებში სიგარეტის მოწევა აიკრძალა, რათა სიგარეტის მწეველებმა პირბადე არ მოიხსნან და ხალხმრავალ ადგილებში ინფექციის გავრცელების რისკი შემცირდეს.

banner
წინა სტატიაშიპენიტენციურ სისტემაში covid-19-თან ეფექტური ბრძოლის შედეგად, საქართველო ევროპის საბჭოს წარმატებული ქვეყნების რიცხვში მოხვდა
შემდეგი სტატიანათია თურნავა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა