მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი – ილია მეორეს აქვს სიბრძნე, რათა უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე ბრძნული გადაწყვეტილება მიიღოს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აქვს სიბრძნე, რათა უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე ბრძნული გადაწყვეტილება მიიღოს, – ამის შესახებ მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელმა, მეუფე ემანუელმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, „ეს იყო ძმური შეხვედრა მოძმე ეკლესიებს შორის“.

„განსაკუთრებული სიხარული მინდა გამოვხატო, რომ ჩვენ ვართ საქართველოში და მოგვეცა საშუალება, კიდევ ერთხელ შევხვედროდით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. შეხვედრაზე საუბარი ეხებოდა გარკვეულ საკითხებს, გვქონდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა. რასაკვირველია, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზეც ვისაუბრეთ და ტომოსზეც გვქონდა მსჯელობა“, – განაცხადა მეუფე ემანუელმა.

მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლის განცხადებით, შეხვედრის მიზანი გარკვეულ დეტალებზე ინფორმირება იყო.

„რაც შეეხება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს, ჩვენი მიზანი არ იყო რაიმე აზრის თავსმოხვევა, ზეწოლა ან შეთავაზება. ეს იყო მხოლოდ ინფორმაციული შეხვედრა და დეტალებზე შეთანხმება იმ საკითხებზე, რაზეც საუბარია ტომოსში. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აქვს სიბრძნე, რათა ბრძნული გადაწყვეტილება მიიღოს. ეს იყო ძმური, ეკლესიური და საერთო შეთანხმებული შეხვედრა მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლებს, საქართველოს ეკლესიის მეთაურსა და მღვდელმთავრებს შორის, ერთაზროვანი შეხვედრა ძალიან ბევრ საკითხზე“, – განაცხადა მეუფე ემანუელმა.

მისივე განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი იყო ყველა თემაზე, რაც დღეს მართლმადიდებლური ეკლესიის წინაშე დგას.

„ჩვენი მთავარი მიზანია ერთობის შენარჩუნება მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის და ამ საკითხებზე იყო მსჯელობა. ჩვენ არ ჩამოვსულვართ იმის გამო, რომ საქართველოს ეკლესიასთან მიმართებაში ურთიერთობის რამე პრობლემა არსებობს, ჩვენ გვაქვს საერთო აზრი და შეხედულებები. ეს იყო ძმური, კეთილი ურთიერთობა და შეხვედრა მოძმე ეკლესიებს შორის. არ გვისაუბრია პირადად ჩვენს დამოკიდებულებაზე, არც რაიმე აზრის მოხვევაზე საქართველოს ეკლესიის წინაშე. ეს იყო მსჯელობა ყველა საკითხზე, რაც შეიძლება ეხებოდეს მართლმადიდებლობას. ეს არ იყო პოზიციის დაფიქსირების შეხვედრა“, – განაცხადა მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კანდელაკი – საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა, რა სურათი აქვთ დღეს პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში
შემდეგი სტატიამეუფე შიო – მსოფლიო საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე ჩვენს პოზიციას გაგებით ეკიდება