მსოფლიო საპატრიარქო უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებაზე მსჯელობს

მსოფლიო საპატრიარქო უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებაზე მსჯელობს

a1470603614მსოფლიო საპატრიარქომ, მოსკოვისთვის მიცემული დაპირების მიუხედავად, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე მუშაობა აქტიურად დაიწყო და ოკუპირებულ აფხაზეთში ამ პროცესს დიდი ინტერესით შეჰყურებენ, რადგან უკრაინის სტატუსის გადაჭრის კვალდაკვალ იმედს არ კარგავენ, რომ აფხაზეთის ეპარქიის ავტოკეფალიის ან ავტონომიის საკითხიც დადგეს კონსტანტინოპოლის დღის წესრიგში.

“ჩვენი და რუსეთის ეკლესია ისე მოიქცნენ კრების შემთხვევაში, როდესაც არ ჩავიდნენ, რომ კონსტანტინოპოლის გულისწყრომა გამოიწვიეს, ამიტომ გასაგებია და შესაძლოა, მან აფხაზეთის საკითხზე რაღაც თქვას ან რაღაც ნაბიჯები გადადგას,” – აფხაზების მოლოდინს ასე ხსნის თეოლოგი ლევან აბაშიძე, რომელიც “რაღაც ნაბიჯებში” აფხაზეთში კონსტანტინოპოლის მიერ ნაკურთხი სასულიერო პირების გაჩენას და ამ მხრივ აფხაზეთზე კონსტანტინოპოლის ეკლესიის გავლენის დამყარების შესაძლებლობას გულისხმობს.

სასულიერო პირების გაშვებას არ გამორიცხავს ბლოგერი გურამ ლურსმანაშვილი, თუმცა აღნიშნავს იმას, რომ ეს არ იქნება ეპისკოპოსები, რადგან ეპისკოპოსის გაშვება უკვე იმის ნიშნად ითვლება, რომ მალე ავტოკეფალიის თუ არა, ავტონომიის საკითხის დასმა უნდა დაიწყოს. ამგვარ ნაბიჯზე კი კონსტანტინოპოლი, რომელიც აშშ-სთან და დასავლეთთან თანამშრომლობს, აფხაზეთის არაღიარებული ტერიტორიის მიმართ არ წავა.

აფხაზეთში შექმნილმა ე.წ. წმინდა მიტროპოლიამ, რომელსაც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში მღვდლად კურთხეული დოროთე დბარი მეთაურობს, კრეტაზე ივლისში, დიდი და წმინდა კრების მიმდინარეობისას გააგზავნა მოთხოვნა, რომ აფხაზეთის სტატუსის განხილვა დაწყებულიყო და მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად აფხაზეთის საკითხზე კომენტარი არსად გაკეთებულა, ამ ჯგუფს საბოლოო იმედი გადაწურული მაინც არ აქვს.

აფხაზეთისაგან განსხვავებით კი უკრაინის ხელისუფლებისა და ეკლესიის აქტიურობამ კონსტანტინოპოლში რაღაც შედეგი გამოიღო და უკრაინის ეკლესიის სტატუსზე მუშაობაც დაიწყო.

უკრაინის ავტოკეფალია და კონსტანტინოპოლი

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა, შექმნილიყო სპეციალური კომისია, რომელიც საკითხს სათანადოდ შეისწავლიდა. ამ კომისიის ფარგლებში მსოფლიო პატრიარქის წარმომადგენელი კიევშიც ჩავიდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტმა პეტო პოროშენკომ განაცხადა, რომ უკრაინის დედაეკლესია კონსტანტინოპოლია და არა რუსეთი, ამიტომაც სტატუსის საკითხი მსოფლიო პატრიარქმა უნდა გადაწყვიტოს.

ამ ვიზიტის შემდეგ კონსტანტინოპოლის წარმომადგენელმა, ტელმესოს არქიეპისკოპოსმა მეუფე იობმა ერთ-ერთ რელიგიურ-საინფორმაციო სააგენტოსთან საუბარში განაცხადა, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას ის, რომ უკრაინა კონსტანტინოპოლის ეკლესიის კანონიკური ტერიტორიაა, მსოფლიო პატრიარქმა არაერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ ის უკრაინელების სულიერი მამაა და აქედან გამომდინარე, შესაძლოა კონსტანტინოპოლმა კიევის მიტროპოლიას ავტოკეფალიის სტატუსი მიანიჭოს, ისე, როგორც 1924 წელს პოლონეთის ეკლესიას მიანიჭა.

მისი განმარტებით, ერთ დროს პოლონეთი კიევის მიტროპოლიის ფარგლებში იყო, ხოლო კიევის მიტროპოლია პირდაპირ კონსტანტინოპოლის კანონიკურ დაქვემდებარებაში იყო, ამიტომაც კიევის მიტროპოლიის საფუძველზე კონსტანტინოპოლმა პოლონეთს ავტოკეფალია მისცა.

“თუ 1924 წელს კონსტანტინოპოლმა პოლონეთს კიევის მიტროპოლიის საფუძველზე მიანიჭა ავტოკეფალია, ამიტომაც დღეს კონსტანტინოპოლს რატომ არ შეუძლია თავად კიევის მიტროპოლიას მიანიჭოს ავტოკეფალიის სტატუსი?! თუ ეს 1924 წელს იყო შესაძლებელი – ეს შესაძლებელია დღესაც”, – აცხადებს არქიეპისკოპოსი და დასძენს, რომ ეს შესაძლებელია განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკრაინის უმაღლესმა რადამ მიმართა თხოვნით კონსტანტინოპოლს, განეხილა ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი.

“ამ ეტაპზე არ შემიძლია ვთქვა, რა გზით მოხდება ამ პრობლემის მოგვარება. მნიშვნელოვანია, რომ და ეს არის კანონიკური პრინციპი, ერთ ტერიტორიაზე შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი ეკლესია. ასე რომ, ორი ავტოკეფალიური ეკლესია არ შეიძლება იყოს ერთდროულად ერთსა და იმავე ადგილას და ავტოკეფალიის გამოცხადებას ეკლესიის ერთიანობა სჭირდება, აქედან გამომდინარე, ამ ერთიანობაზე აუცილებელია მუშაობა”, – განაცხადა მეუფემ.

უკრაინის ავტოკეფალია და რუსეთი

თეოლოგების თქმით, საერთოდ ტენდენციაა, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოები ადრე თუ გვიან მათ ტერიტორიაზე არსებული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტონომიას ან ავტოკეფალიას აღწევენ. რადგან უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფოა და მრევლისა და ხელისუფლების დიდი აქტიურობაა, ეკლესია ავტოკეფალიური იყოს, ავტოკეფალიის მიღება გარდაუვალი პროცესია, უბრალოდ დროის საკითხია, სწრაფად მოხდება ეს თუ დროში გაიწელება.

თეოლოგების აზრით, ამ საკითხის სწრაფად გადაჭრას ხელს ის ფაქტორი უშლის, რომ საეკლესიო კანონმდებლობით ავტოკეფალიის მინიჭების უფლება დედაეკლესიას აქვს, ხოლო უკრაინის შემთხვევაში, სადაც ეკლესია ავტონომიურია, რუსეთიც და კონსტანტინოპოლიც თავს დედა-ეკლესიებად მიიჩნევენ და თუკი ერთი ეკლესია მეორესთან შეთანხმების გარეშე გადაწყვეტს უკრაინის საკითხს, ეს დიდ განხეთქილებას გამოიწვევს, რაც არავის ინტერესში არ შედის და ამიტომაც ეს საკითხი შესაძლოა გაიწელოს.

ბლოგერი გურამ ლურსმანაშვილი ამბობს, რომ დედაეკლესიის საკითხის გამო უკრაინაში მრევლშიც უთანხმოებაა. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პირველიერარქი არის მიტროპოლიტი ონოფრე, რომელიც მოსკოვის დაქვემდებარებაშია და პრორუსული ორიენტაციისაა. მეორე ნაწილისთვის კი ე.წ. კიევის საპატრიარქო და მიტროპოლიტი ფილარეტია პირველიერარქი.

“მიტროპოლიტი ფილარეტი რუსეთის ეკლესიის მხრიდან განკვეთილია, თუმცა, ის მიღებულია უკრაინის ხელისუფლების მიერ, ხვდება პრეზიდენტებს და აქტიურად გამოდის ავტოკეფალიის მოთხოვნით. თუკი ერთი მხარე მიიღებს ავტოკეფალიას, არის საშიშროება, მეორე მხარე სქიზმაში გავიდეს. ეს არის პრობლემა და როგორ გადაიჭრება ის, ამ ეტაპზე არ ვიცით”, – აღნიშნავს ლურსმანაშვილი.

მისი თქმით, უკრაინაში ამ შიდა დაპირისპირების გამო საეჭვოა, კონსტანტინოპოლმა ავტოკეფალიის მინიჭებაზე გადაწყვეტილება მალე მიიღოს, რადგან პირველიერარქის საკითხი ხდება სადავო და ამიტომაც უკრაინის სტატუსის გადაჭრას რაღაც გარკვეული დრო დასჭირდება.

“უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭება გარდაუვალია, მაგრამ ვინ იქნება ეკლესიის მეთაური და როგორი მიმართულება იქნება, ეს ჯერჯერობით გაურკვეველია”, – აღნიშნავს ლურსმანაშვილი.

თეოლოგ ლევან აბაშიძის განცხადებითაც, ისტორიული არგუმენტები არსებობს, მაგრამ მსოფლიო პატრიარქის მხრიდან ერთპიროვნულად უკრაინისათვის ავტოკეფალიის მინიჭება რუსეთის ძალიან დიდ პროტესტს გამოიწვევს და დიდი განხეთქილება მოხდება.

“რუსებსაც ესმით და ამაზე რუსეთშიც ბევრი საუბრობს, რომ ნელ-ნელა უკრაინის ეკლესია მოიპოვებს ავტოკეფალიას და ადრე თუ გვიან მოსკოვის საპატრიარქო ამას ცნობს, მაგრამ ახლა აქ ლაპარაკია იმაზე, ეს მოხდება მოსკოვის საპატრიარქოს თანხმობით თუ მისი იგნორირებით და თუ ეს მოსკოვის იგნორირებით მოხდება, ასეთი დიდი და ძლიერი ეკლესიის გადამტერება არავის არ უნდა. ამიტომ პროცესი დროში ძალიან გაიწელება.

“პოლონეთის შემთხვევაში ეს უფრო იოლად მოხდა, რადგანაც მაშინ საბჭოთა კავშირი ფეხს მხოლოდ იდგამდა, თანაც თავად ანგრევდა ეკლესიებს და მოსკოვის საპატრიარქოს წინააღმდეგობისთვის არანაირი ძალა არ ჰქონდა. დღეს რუსეთში ახალი იმპერიული ზრახვებით მოსული ხელისუფლებაა, რომელიც ეკლესიას მაქსიმალურად იყენებს თავის პოლიტიკაში.

“ასევე ეკლესიაც ატარებს “ძერჟავულ” პოლიტიკას, ამიტომ მოსკოვის საპატრიარქო დიდ ძალას წარმოადგენს და მასთან ღია კონფლიქტი არავის აწყობს”, – აღნიშნავს აბაშიძე.

უკრაინის საკითხის გამოძახილი და იმედი აფხაზეთში

უკრაინის სტატუსის გააქტიურების გამო ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ სასულიერო პირთა ერთ ჯგუფს – ე.წ. წმინდა მიტროპოლიას, რომელიც ახალი ათონის მონასტერშია და რუსეთის ეკლესიის მიერ კანონგარეშედაა გამოცხადებული, იმედი არ დაუკარგავს, რომ უკრაინის საკითხთან ერთად თუ არა, მალევე აფხაზეთის საკითხის განხილვაც დაიწყება. მით უფრო, რომ ქართული დელეგაცია კრეტაზე წმინდა კრებაზე დასასწრებად არ ჩავიდა, რამაც თბილისსა და კონსტანტინოპოლს შორის ურთიერთობების დაძაბვა გამოიწვია. სოხუმში იმედი აქვთ, რომ ეს აფხაზეთის საეკლესიო სტატუსის საკითხის გასააქტიურებლად კიდევ ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორი იქნება.

გურამ ლურსმანაშვილის განცხადებით, გარკვეულ წრეებში იყო ამგვარი მოსაზრებები, მაგრამ ჩვენ ამაზე საუბრის საბაბი არ გვაქვს და ოფიციალური პოზიციიდან უნდა ვიმსჯელოთ. ოფიციალურად კი, უკრაინაში ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ კონსტანტინოპოლის ოფიციალური წარმომადგენელი ჩავიდა კიევში და ამ საკითხს სპეციალური კომისია განიხილავს. ხოლო აფხაზეთის საკითხზე ოფიციალურად მსგავსი მინიშნებაც არ გაკეთებულა.

“აფხაზეთში ავტოკეფალიის ან ავტონომიის სურვილი და მოთხოვნები აქვთ, თუმცა, ამ ეტაპზე აფხაზეთისთვის სტატუსის განხილვა შეუძლებელია და აქ უმთავრესი ტერიტორიის საკითხია. უკრაინა დამოუკიდებელი აღიარებული სახელმწიფოა და მას უფლებაც აქვს, ავტოკეფალიაზე პრეტენზია წამოაყენოს. აფხაზეთი კი დე ფაქტოა და ელემენტარულად კონსტანტინოპოლს უფლება არ აქვს, ეს საკითხი განიხილოს. მეტიც, ჩვენს პატრიარქს აქვს ოფიციალური ტიტული – ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი და ამ კუთხით შეუძლებელია, აფხაზებმა თუნდაც ავტონომიის სტატუსი მიიღონ.

“მსოფლიო საპატრიარქოს ურთიერთობები აქვს აშშ-თან, ევროკავშირთან და მეეჭვება, მან გაატაროს ისეთი პოლიტიკური კურსი, რომელიც დასავლეთის კურსს ეწინააღმდეგება. თუმცა, არის მეორე მხარე – შესაძლებელია, მსოფლიო საპატრიარქოს აფხაზეთში თავისი მღვდლები ჰყავდეს. მორწმუნე მრევლის საკითხი დგას და სასულიერო პირმა წირვა-ლოცვა რომ ჩაატაროს, მღვდლების გაგზავნის საკითხი მართლაც შეიძლება დაისვას, მაგრამ არა ეპისკოპოსის, არამედ მის დაქვემდებარებაში მყოფი სასულიერო პირების,” – ამბობს ლურსმანაშვილი, რომელიც აღნიშნავს, რომ სადაც ეპისკოპოსია, იქ უკვე ეკლესიაა და თუკი კონსტანტინოპოლმა აფხაზეთში ეპისკოპოსი გაუშვა, ეს ნიშნავს იმას, რომ ავტოკეფალიაზე თუ არა, ავტონომიაზე საუბარი არსებობს და ამიტომაც მიაჩნია, რომ კონსტანტინოპოლი ეპისკოპოსს სოხუმში არ გაუშვებს.

ლევან აბაშიძე კი მიიჩნევს, რომ ისტორიული არგუმენტის გამოყენება აფხაზეთის შემთხვევაშიც შეიძლება, რადგანაც აფხაზეთის ეკლესიაც, რომელიც მაშინ მთელ დასავლეთ საქართველოს მოიცავდა, მე-11 საუკუნემდე, სანამ საქართველოს გაერთიანება მოხდებოდა, კონსტანტინოპოლს ექვემდებარებოდა და არა მცხეთას და მე-7 საუკუნემდე იქ წირვა-ლოცვაც ბერძნულად ხდებოდა.

“ამიტომ, თუ კაცი მოინდომებს, შეუძლია არგუმენტი მოიყვანოს – დიახ, აფხაზეთის ეკლესია კონსტანტინოპოლის დაქვემდებარებაში იყო და მან უნდა მიანიჭოს ავტოკეფალია ან ავტონომიაო. ჩვენც შეგვიძლია არგუმენტი მოვიყვანოთ, რომ ის აფხაზეთი ქართული სამთავრო იყო, ქართული ენით და ქართველი მეფეებით, მაგრამ დღევანდელი აფხაზეთიც ხომ შედიოდა იმ ტერიტორიაში?!

“თუმცა, არის განსხვავება აფხაზეთსა და უკრაინას შორის. უკრაინა საყოველთაოდ აღიარებული სახელმწიფოა, აფხაზეთი – არა და ამიტომ აფხაზეთთან მიმართებაში სტატუსის მინიჭება უფრო ძნელი იქნება. მაგრამ მეორე მხრივ, აფხაზეთის შემთხვევაში მოიმდურებ საქართველოს ეკლესიას, უკრაინის შემთხვევაში კი – ძლიერ, მდიდარ და გავლენიან რუსეთის ეკლესიას, რაც უფრო მძიმეა.

“ჩვენი და რუსეთის ეკლესია ისე მოიქცნენ, კრების შემთხვევაში როდესაც არ ჩავიდნენ, რომ კონსტანტინოპოლის გულისწყრომა გამოიწვიეს. ამიტომ, გასაგებია და შესაძლოა მან აფხაზეთის საკითხზე რაღაც თქვას ან რაღაც ნაბიჯები გადადგას, მაგალითად, შესაძლოა აკურთხოს აფხაზი სასულიერო პირები.

“ჩვენ ვიცით, რომ აფხაზეთში არის დბარის დაჯგუფება, რომელიც კონსტანტინოპოლისკენაა მიმართული. შესაძლოა ეს იყოს პოლიტიკური ბრძოლა: თუ საქართველოს საპატრიარქო ასე გააგრძელებს კონსტანტინოპოლისთვის ყველაფერში ხელის შეშლას, ჩვენც გვაქვს ჩვენი ბერკეტებიო. ეს ბერკეტებია ის, რომ უკრაინაში პატრიოტულ ნაწილს არ უნდა, ეკლესია რუსეთის დაქვემდებარებაში იყოს, აფხაზეთში კი არ უნდათ, საქართველოს ეკლესიის ნაწილნი იყვნენ და ამაზე შეუძლია კონსტანტინოპოლს ითამაშოს,” – აცხადებს აბაშიძე

“რეზონანასი”

banner
წინა სტატიაშითურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის ფაქტზე ათამდე უცხოელი დააკავეს
შემდეგი სტატიაილია მეორემ ოთარ დანელიას წარმატებები უსურვა