მსოფლიო პატრიარქი – ცუდია ის, რომ მართლმადიდებლობა კრეტაზე ერთიანი არ წარსდგა

ცუდია ის, რომ მართლმადიდებლობა კრეტაზე ერთიანი არ წარსდგა, – ამის შესახებ მსოფლიო პატრიარქმა, უწმინდესმა ბართლომე პირველმა ”იმედის კვირასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც კრეტის კრებაზე რამდენიმე ეკლესიის, მათ შორის საქართველოს ეკლესიის არდასწრების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

”გადავლახეთ უამრავი დაბრკოლება და ბოლო შეხვედრაზე ჟენევაში, 2016 წლის იანვარში დასრულდა მოსამზადებელი პერიოდი. ხელი მოვაწერეთ დიდი კრებისთვის მოსამზადებელ დოკუმენტებს , ჩამოვაყალიბეთ კონცეფცია და ყველამ ერთად შევარჩიეთ თარიღიც და ადგილიც. ერთი სიტყვით, 50-წლიანი სამზადისის შემდეგ ყველაფერი მზად იყო კრების ჩატარებისთვის. გაიარა თებერვალმა, მარტმა, აპრილმა, თითქმის მაისმა და ამ თვეების განმავლობაში არანაირი შეტყობინება არ მოსულა არც ერთი ეკლესიიდან. როდესაც ვემზადებოდით კრეტაზე გასამგზავრებლად, გამგზავრების წინ ოთხმა ეკლესიამ, მათ შორის საქართველომ უეცრად განაცხადეს, ჩვენ ვერ ჩამოვალთო. წარმოადგინეს სხვადასხვა არგუმენტი, რომლებიც არ იყო დამარწმუნებელი და მოითხოვეს კრების გადადება. მაგრამ ასე შეიძლება კრება კიდევ გადადებულიყო. ვინაიდან გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვქონდა, 2016 წლის დასაწყისში, ვთქვით, რომ ეს იყო ნება ღვთისა და გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა კრება იმ 4 ეკლესიის გარეშე.
თქვენ მკითხეთ, ვხედავ თუ არა რაიმე გამამართლებელს, რომ არ ჩამოვიდნენ კრებაზე, სიმართლე გითხრათ, ვერ ვხედავ რაიმე დამარწმუნებელ მიზეზს, ვხედავ საბაბს და ცუდია ის, რომ მართლმადიდებლობა კრეტაზე ერთიანი არ წასდგა. ეს კი არ მიაგებს პატივს მართლმადიდებლობას და არც იმ 4 ეკლესიას, რომლებმაც არ სცეს პატივი მართლმადიდებლობას და არც თავიანთ ხელმოწერებს ჟენევაში. ამას განსჯის ღმერთი და ისტორია. ვფიქრობ, უნდა აღიარონ კრეტაზე მიღებული გადაწყვეტილებები”,- განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შემდეგი სტატიარუსეთის ეკლესია აკურთხებს სასულიერო პირებს და აგზავნის რეგიონში, რომელიც მას არ ეკუთვნის – მსოფლიო პატრიარქი