მსოფლიო მედია საქართველოს შესახებ

პენსი საქართველოს მხარდაჭერას დაჰპირდა და დაგმო რუსეთის აგრესია, – ამ სათაურით სტატიას „ვაშინგტონ პოსტი“ აქვეყნებს.

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ საქართველო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ევროპული ტურნეს მეორე გაჩერება იყო, რომლის მთავარი მიზანი სახელმწიფოების მხარდაჭერაა, რომლებსაც რუსეთის აგრესია ემუქრება.

სტატიაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, მოსკოვმა აღიარა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთის რეგიონები დამოუკიდბელ სახელმწიფოებად და ამ რეგიონებს ფინანსურ და სამხედრო დახმარებას უწევს.

„მაიკ პენსმა მკაცრად დაგმო რუსეთის ოკუპაცია ქართულ მიწაზე, ეს განცხადება მან ტალინში ვიზიტის შემდეგ გააკეთა, სადაც ნატო-ს კოლექტიური თავდაცვის პრინციპის მხარდაჭერა დაადასტურა და განაცხადა, რომ თავდასხმა ნატო-ს ერთ წევრზე, ნიშნავს თავდასხმას ალიანსის ყველა წევრზე“, – წერს „ვაშინგტონ პოსტი“.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ პენსი საქართველოში მას შემდეგ ჩავიდა, რაც აშშ-ის კონგრესში რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირეს.

რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს, – ამის შესახებ გამოცემა „ბლუმბერგი“ წერს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ კრემლი კვლავ ნეგატიურად არის განწყობილი ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გაფართოების მიმართ, ვაშინგტონი მაინც მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას.

ჟურნალისტი ყურადღებას ამახვილებს ასევე რუსეთის მიერ სექტემბერში დაგეგმილ მასშტაბურ სამხედრო სწავლებაზე, რომელიც რუსეთის გარდა ბელარუსშიც გაიმართება.

ამავე დროს, პუბლიკაციაში მოყვანილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელშიც გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ რუსეთი საქართველოში პროვოკაციებს თითქმის ყოველდღე აწყობს და რამდენიმე კვირის წინ, საოკუპაციო ხაზი საქართველოს ტერიტორიის შიგნით გადმოწია.
სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ NDI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 2/3 მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, ხოლო 23% კი წინააღმდეგ გამოდის.

 წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

banner
წინა სტატიაშითეთრი სახლი მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიარა ინიციატივით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა მაიკ პენსს?