მსოფლიო ბანკის პროგნოზით, უკრაინაში ომის გამო, მსოფლიოში ფასები რეკორდულად გაიზრდება

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, უკრაინაში ომის გამო, მსოფლიოში ფასები რეკორდულად გაიზრდება. როგორც ტელეკომპანია „ბიბისისთან“ საუბარში მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის ერთ-ერთმა ავტორმა განაცხადა, ფასების ზრდა გამოიწვევს ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ შედეგებს.

მისივე თქმით, აღნიშნული კრიზისს მთელ მსოფლიოში ოჯახების უმრავლესობა საკუთარ თავზე იგრძნობს.

„ჩვენ განსაკუთრებით გვაღელვებს ღარიბი ოჯახების ბედი, რადგან ისინი საკვებსა და ენერგიაზე შემოსავლის უმეტესობას ხარჯავენ“, – განაცხადეს მსოფლიო ბანკში.

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, ენერგორესურსებზე ფასები 50%-ით გაიზრდება. ყველაზე მეტად გაძვირდება ბუნებრივი აირი ევროპაში. ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ ფასები 2024 წელს უნდა შემცირდეს, თუმცა გასულ წლებთან შედარებით ენერგორესურსების ფასი მაინც 15%-ით მეტი იქნება.

ამავე ანგარიშის ავტორების თქმით, ასევე გაიზრდება ნავთობის ფასიც და 2024 წლამდე ერთი ბარელი შავი ოქროს ღირებულება საშუალოდ 100 დოლარი იქნება. ეს კი მსოფლიო ბანკის ვარაუდით ინფლაციას გაზრდის.

ფასების ზრდა მოსალოდნელია საკვებ პროდუქტებზეც. ანგარიშის მიხედვით, უკვე დღეს სურსათის ფასები ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.

ხორბლის ფასი 42,7%-ით მოიმატებს და ამ პროდუქტის ღირებულება რეკორდული იქნება. ასევე მნიშვნელოვნად გაიზრდება ქერის, ზეთის, სოიოს და ქათმის ფასი. ამ ცვლილებას უკრაინიდან და რუსეთიდან ექსპორტის შემცირება განაპირობებს.

მსოფლიო ბანკი ასევე ვარაუდობს, რომ გაძვირდება სასუქები, მეტალი და მინერალები.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების გასამარტივებლად საკონტროლო ცენტრი შექმნა
შემდეგი სტატიაბულგარეთმა „გაზპრომი“ კონტრაქტის დარღვევაში დაადანაშაულა