„მშვიდობით, ბექა“ – ბიძინა გეგიძემ ბექა ნაცვლიშვილს მიმართა

„მშვიდობით, ბექა“ – ამ სიტყვებით მიმართა კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ ბიძინა გეგიძემ ბექა ნაცვლიშვილს.

გეგიძის დამშვიდობება ბექა ნაცვლიშვილის განცხადებას უკავშირდება, რადგან დეპუტატმა კანონპროექტის წარდგენის შემდეგ განაცხადა, რომ თუ პარლამენტი მხარს არ დაუჭერს აღნიშნულ ინიციატივას, მაშინ ის საპარლამენტო უმრავლესობას დატოვებს. ბექა ნაცვლიშვილის საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტმა ჩააგდო. 105 დეპუტატიდან ნაცვლიშვილის ინიციატივას მხარი 42-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 10 დეპუტატი იყო.

 

ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. დეპუტატმა აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტის პლენარული სხდომის შემდეგ გაახმოვანა.

ბექა ნაცვლიშვილმა კანონპროექტის წარდგენის შემდეგ განაცხადა, რომ თუ პარლამენტი მხარს არ დაუჭერს აღნიშნულ ინიციატივას, მაშინ ის საპარლამენტო უმრავლესობას დატოვებს. დეპუტატის თქმით, ის არავისთან ალიანსში შესვლას არ გეგმავს და დამოუკიდებლად გააგრძელებს საკანონმდებლო უმრავლესობაში მუშაობას.

„ამ გადაწყვეტილების საფუძველზე მე დავტოვე უმრავლესობა, ფრაქციაც და პარტიაც და შესაბამისად, ვაგრძელებ დამოუკიდებლად მუშაობას პარლამენტში. ალიანსში არავისთან არ შევდივარ, ამიტომ ვუსვამ ამას ხაზს, დამოუკიდებლად ვაგრძელებ მუშაობას. უბრალოდ თუ იქნება ისეთი საკითხები, რომლებსაც მე მხარს ვუჭერ, შესაბამისად, მხარდაჭერა ექნება ჩემგან და მეც თუ ისეთი ინიციატივებს დავაყენებ, რომლის მხარდაჭერას მოიპოვებს, რა თქმა უნდა, აქ არ იქნება გარჩევა იმისა, ვინ რომელი პარტიის და ფრაქციის წარმომადგენელია,“ – ამბობს ნაცვლიშვილი.

დეპუტატის თქმით, მისი ინციატივა სახელმწიფოებრივ ხედვას ეფუძნებოდა, რაც მმართველმა პარტიამ არ გაიზიარა.

„ეს იყო ინდივიდუალიზმსა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობას შორის ინდივიდების მიმართ განსხვავება. უმრავლესობამ დაუჭირა ინდივიდუალიზმს მხარი, მე მქონდა ინიციატივა, რომელიც სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ეფუძნებოდა და ზოგადად, ეფუძნებოდა ერთხელ და სამუდამოდ, ამ საზოგადოების ერად ჩამოყალიბებას,“ – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნება“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას კარგავს
შემდეგი სტატიადავტოვე უმრავლესობა, ფრაქციაც და პარტიაც – ბექა ნაცვლიშვილი