მშვიდობიანი მომიტინგეების დასაშლელად პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა

დემოკრატიის კვლევის ცენტრი (DRC) ეხმიანება 19 ნოემბერს, გამთენიისას, საპოლიციო ძალების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშლას ჭავჭავაძის გამზირზე და მიაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა აბსოლუტურად არაპროპორციული ძალა მშვიდობიანი შეკრების დასაშლელად.

გავრცელებული კადრებით ნათლად ჩანს, რომ საპოლიციო ძალების წარმომადგენლების რაოდენობა რამდენჯერმე აღემატებოდა არაძალადობრივი აქციის მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების რაოდენობას და არც ერთ შემთხვევაში არ არსებობდა ფიზიკური ძალის გამოყენების საჭიროება.

მიუხედავადა იმისა, რომ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში პოლიციას აქვს უფლება გამოიყენოს ძალა აქციის დასაშლელად, აღნიშნული ვრცელდება მხოლოდ იმ ტიპის აქციებზე, რომლებიც თავისი არსით ძალადობრივია. ჭავჭავაძის გამზირზე პოლიციის ქმედებას უკანონოდ აქცევს რამდენიმე გარემოება:

1. შეკრების მშვიდობიანი ხასიათი და მისი მონაწილეების ხაზგასმით მშვიდობიანი ქცევა;

2. საპოლიციო ძალების არაპროპორციულად მაღალი რაოდენობა და გამოყენებული ფიზიკური ძალის სიხისტე;

3. სახელმწიფო და ადგილობრივი ორგანოების მხრიდან ორი დღის განმავლობაში მიმდინარე იგივე აქციის მიმართ რაიმე ტიპის გაფრთხილების არარსებობა.

DRC მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს: დაბრუნდეს კანონის ჩარჩოებში; ხელი არ შეუშალოს აქციის მონაწილეებს პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვაში; მისცეს მედიას და ადვოკატებს პროფესიული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია, მომავალში დადგეს აქციის დაშლის უკანონო ბრძანების გამცემი პირის პასუხისმგებლობა.

banner
წინა სტატიაშიპარტია „ჩვენ“ სახალხო დამცველს გაღვიძებისკენ მოუწოდებს და „მთავარის“ ოპერატორზე მოძალადე პოლიციელების დასჯას ითხოვს
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს