მშობლებმა თავი შეიკავეთ ბავშვისთვის შეუსაბამო ქცევის ამსახველი ვიდეოს გავრცელებისგან – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ბავშვის ფოტოები და ვიდეოები, “სადაც იკვეთება მისი ასაკისთვის შეუსაბამო ქცევის დასწავლის ნიშნები”, შეიცავს საყურადღებო რისკებს არასრულწლოვნის განვითარებისთვის. შსს 7 წლამდე გოგოს ცეკვის ამსახველ ვიდეოს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მშობლების ინფორმირება საფრთხეებთან დაკავშირებით.

“ეს საჭიროებს გრძელვადიან მულტიდისციპლინურ მუშაობას, სადაც ჩართული უნდა იყვნენ როგორც სახელმწიფო უწყებები, ასევე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ამ მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა სოციალური სამსახურის, სახალხო დამცველის აპარატის, მანდატურის სამსახურისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით ქეის-კონფერენცია გამართა.

შეხვედრაში მონაწილე უწყებები მოუწოდებენ როგორც აღნიშნულ ოჯახს, ასევე, ზოგადად, მშობლებს, რომ თავი შეიკავონ მსგავსი შინაარსის ფოტოებისა და ვიდეოების დამზადებისა და გასაჯაროებისგან.

მსგავსი მასალის ფოტო-ვიდეოგადაღება/გავრცელებამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ინტერესების უგულებელყოფა, შეაფერხოს მოზარდის ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარება. ამასთან, არსებობს იმის საფრთხე, რომ ბავშვი შეიძლება გახდეს ბულინგის მსხვერპლი, მათ შორის, ონლაინ სივრცეში.

ამდენად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, არასრულწლოვნის უსაფრთხოებას, კეთილდღეობას, ჯანმრთელობის დაცვას, განათლებას და განვითარებას” – აცხადებს შსს.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე – თადუმაძის დიპლომის ნამდვილობა ვერ დამტკიცდა, რაც შეიძლება, სამართლებრივი დევნის საფუძველი გახდეს
შემდეგი სტატიათამარ ჟვანია : ვიმუშავებთ ბევრს, რათა შემდგომი საარჩევნო პერიოდისთვის მნიშვნელოვანი რეკომენდაციები შევასრულოთ