მშენებლობის უფლება დიდი ქრთამის სანაცვლოდ – კომპანია „სვეტის“ მფლობელის სკანდალური ინტერვიუ დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე

„ვუყურებდი ომეგა ჯგუფის საქმეს, აბსოლუტურად ბევრ დეტალში ჩემი თავი მახსენდებოდა. მათ შორის, გატაცების. ერთხელ გატაცების მსხვერპლიც გავხდი,“ – ინტერვიუ დეველოპერული კომპანია სვეტის მფლობელმა კურიერს დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე მისცა.

ბიზნესმენი დეტალურად აღწერს სქემას, როგორ უხდიდა ქრთამს, სამშენებლო ბიზნესის მფარველობის სანაცვლოდ, ხელისუფლების მაღალჩინოსნებს. გივი ჯიბლაძე ამტკიცებს, რომ ერთ-ერთია, ვინც სახელმწიფოს სახელით რეკეტის მსხვერპლი გახდა.

მაღალჩინოსანი ოცნების ხელისუფლებიდან, ვინც ბიზნესმენს შავ ფულს სთხოვდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოქმედი მოადგილე, გრიგოლ ლილუაშვილია.

ჯიბლაძე პირველად კურიერთან შიფრავს სქემას, რომლითაც ხელისუფლებასთან ფული მიჰქონდა.

სამშენებლო კომპანია სვეტის 20%-ს გრიგოლ ლილუაშვილი ფლობდა, თუმცა, წილი ნათესავზე – ლაშა ჭელიძეზე, ჰქონდა გაფორმებული. შესაბამისად, კომპანიის ფული სუს-ის მაღალჩინოსანთან შუამავლის დახმარებით მიდიოდა.

გარდა ამისა, კომპანია სვეტში დასაქმებული იყო სუს-ის უფროსის მოადგილის მეუღლე და ის თვეში 3000 ლარს იღებდა. გადარიცხვის ქვითარი საქართველოს ბანკიდან ადასტურებს, რომ თანხა სვეტიდან სუს-ის მაღალჩინოსნის ოჯახში მიდიოდა.

წილის სანაცვლოდ, კომპანია სვეტს სუს-ის უფროსის მოქმედი მოადგილე და თბილისის ყოფილი ვიცე-მერი მშენებლობის ნებართვების მარტივად მოპოვებას ჰპირდებოდა.

ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ ქრთამის გარეშე საქართველოში ბიზნესის კეთება შეუძლებელია. მაგალითად, თბილისის ცენტრში სვეტმა რამდენიმე კორპუსი ისე ააშენა, რომ მშენებლობის ყველა ნებართვა არ ჰქონდა, მშენებლობა კი ნებართვის გარეშე სწრაფი ტემპებით მიდიოდა.

ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ ბიზნესიდან წილს იღებს ყველა, ვის ხელშიც იყო ძალაუფლება და როდესაც ერთი ბიზნესის მიმართ რამდენიმე მაღალჩინოსნის ინტერესი გადაიკვეთა, მაშინ უკვე სერიოზული პრობლემები დაიწყო. ეს იყო ახალი რეალობა – საქმეში თბილისის ახალი მერის, კახა კალაძის, ფაქტორი გაჩნდა.

სვეტის დამფუძნებლის თქმით, მას კალაძის შუამავალმა პირდაპირ უთხრა, რომ ყველა მასშტაბური მშენებლობა სხვა ახალ სადაზღვევო კომპანიაში უნდა დაეზღვიათ. კალაძეს უარი კი სწორედ გრიგოლ ლილუაშვილმა შეუთვალა.

ბიზნესმენის თქმით, ის, რაც მაშინ დაიწყო, ბიზნესის განადგურების კონკრეტულ ფაქტებამდე მივიდა, თავად კი 2 გავლენიანი პირის დაპირისპირების მსხვერპლი გახდა. კახა კალაძე კარგად იყო ინფორმირებული იმის შესახებ, რომ სვეტი სწორედ გრიგოლ ლილუაშვილის შემოსავლის წყარო იყო.

ბიზნესმენის დაკავებამდე ჩაწერილი ინტერვიუდან ირკვევა, რომ იმ მაღალჩინოსნების სია, რომელიც კომპანია სვეტიდან სარგებლის უკანონო გზით მიღებას ცდილობდა, საკმაოდ გრძელი იყო.

გივი ჯიბლაძე ასევე ასახელებს კიდევ ერთ მაღალჩინოსანს, თბილისის ყოფილ მერს, დავით ნარმანიას, რომელიც, სავარაუდოდ, მისი კომპანიიდან დიდ ფულს იღებდა და ხალხის მიერ ბინების ასაშენებლად გადახდილი ფულით მდიდრებოდა. ჯიბლაძე ყვება, რომ კომპანია სვეტისგან დავით ნარმანია უძრავი ქონებაც მიიღო.

კომპანია სვეტს ათასობით დაზარალებული მოქალაქეს ჰყავს, რომლებიც კუთვნილი ბინების მიღებას ვერ ახერხებენ.

banner
წინა სტატიაშისად ცხოვრობს ოთარ ფარცხალაძე – ყოფილი მთავარი პროკურორის ციხე-სიმაგრე, რომლის დიდი ნაწილი მიწის ქვეშ მდებარეობს
შემდეგი სტატიაქართველი სამხედრო თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს დაჭრილი ჯარისკაცების ფულის მითვისებაში ადანაშაულებს