“მსგავსი საუბარი არ ყოფილა”- აკაკი ბობოხიძე გავრცელებულ ჩანაწერზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკაკი ბობოხიძე დღეს ინტერნეტში გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს დამონტაჟებულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ არანაირი სატელეფონო საუბარი მიხეილ სააკაშვილთან ამ თემებზე არ შემდგარა.

“„ქართული ოცნების” მომხრეებისათვის მინდა გავაკეთო განმარტება,- წელს არც სატელეფონო საუბარი მქონია მიხეილ სააკაშვილთან და წელს არც ამ შემადგენლობით არ ვყოფილვართ ერთდროულად გასული საქართველოდან, სუს-მა შეუძლია ამოიღოს საზღვრის კვეთის საბუთები. მსგავსი საუბარი არ ყოფილა,- განაცხადა აკაკი ბობოხიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, 8 ოქტომბერს „ნაციონალურ მოძრაობასაც“ და ბიძინა ივანიშვილსაც მოუწევს დაემორჩილოს ქართველი ხალხის ნებას, ხელისუფლებაში მოვა ის ძალა ვისაც ხალხი გადაწყვეტს.

ბობოხიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი მოწყვეტილია რეალობას. მან „ცრუს“ იგავი და მხატვრული ფილმი „ნატვრის ხე“ გაიხსენა.

„მესამე კლასამდე ისწავლება „ცრუს” იგავი, როდესაც ცრუ იძახის მგელი მოდისო და ერთ დღეს მგელი მართლა მოვა, ასევე გავიხსენებდი ბიძინა ივანიშვილის საყვარელი მსახიობის, კახი კავსაძის იორამს „ნატვრის ხიდან“, რევოლუცია მოდის ძახილით რომ დარბის. ბიძინა ივანიშვილი მოწყვეტილია რეალობას”,- აღნიშნა ბობოხიძემ.

banner
წინა სტატიაში“სისულელეებს თავი დაანებონ”- გიგი წერეთლის კომენტარი გავრცელებულ ფარულ ჩანაწერზე
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი: “ნაციონალური მოძრაობა” არჩევნებს უნდა გამოეთიშოს