მსგავსი საქციელი სცდება ეთიკისა და დიპლომატიის ნორმებს – საგარეო უწყება აფხაზური მხარის ფარულ ჩანაწერზე

30 მარტს “თაიმერმა” ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 43-რაუნდიდან რუსების მიერ გადაღებული ვიდეო გაავრცელა. ჩანაწერში აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე საუბრობს. ის ამბობს, რომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულებაში უნდა ფიგურირებდეს აფხაზეთი, სხვა შემთხვევაში “მხარე” საუბარს არ აპირებს.

ჟენევის ფორმატი არის დახურული, სადაც ყველა სახის ფოტო და ვიდეო-გადაღება რეგლამენტით აკრძალულია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით “თაიმერთან” კომენტარი გააკეთა. საგარეო უწყების თქმით “აღნიშნული ვიდეო არის ფარული ჩანაწერი, რომელიც უკანონოდ გაკეთდა დახურულ მოლაპარაკებებზე”. სამინისტროს შეფასებით “ცხადია, მსგავსი საქციელი სცდება ეთიკისა და დიპლომატიის ნორმებს და უხეშად არღვევს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ძირითად წესებსა და რეგულაციებს. რაც შეეხება ვიდეოში ასახული საუბრის შინაარს – ამით კიდევ ერთხელ მკაფიოდ დასტურდება, რომ ჟენევის სართაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეთა განცხადება გულისხმობდა და გულისხმობს რუსეთისა და საქართველოს მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებას. ვიდეოჩანაწერში კი სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი გამოთქვამს უკმაყოფილებას აღნიშნულთან დაკავშირებით” – ნათქვამია ოფიციალურ კომენტარში. საგარეო უწყების თქმით, “საქართველოს დელეგაციამ უკვე მიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თავმჯდომარეებს და გააპროტესტა სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა მიერ დახურული მოლაპარაკებების ფარული ვიდეოჩანაწერის გავრცელება. თანათავმჯდომარეების მოთხოვნით, დაურ კოვემ ბოდიში მოიხადა და აიღო ვიდეოჩანაწერი საკუთრი ფეისბუქ-გვერდიდან”.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე მიმდინარეობს. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

სკანდალი-მხარემ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი დაარღვია

 

banner
წინა სტატიაშიევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია პრემიერ მინისტრის პასუხობს
შემდეგი სტატიასოხუმის კინოფესტივალის საერთაშორისო მასშტაბები – ქართული მხარის კომენტარი