2.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

მსგავსი არაფერია საქმის მასალებში – ელისო კილაძის ადვოკატი პროკურატურის განცხადებაზე

ე.წ. ქოლცენტრების საქმის პროკურორის, მარიამ ბერძენიშვილის განცხადებას, რომელიც მან სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2“-ის ეთერში გააკეთა და სადაც ის ამბობს, რომ ელისო კილაძე ყოველთვიურად სტაბილურად 5000 დოლარს იღებდა, დაკავებული ჟურნალისტის ადვოკატი, ნათია კორკოტაძე სიცრუეს უწოდებს.

ადვოკატი ამბობს, რომ თუ კი ელისო კილაძეს ყოველთვიურად ერიცხებოდა 5000 დოლარი, საქმის მასალებში, დოკუმენტაციაში ეს ყველაფერი ასახული უნდა იყოს.

„არ შეიძლება ასეთი განცხადების გაკეთება. თუ კი ელისო კილაძეს ყოველთვიურად ერიცხებოდა 5000 დოლარი, საქმის მასალებში, დოკუმენტაციაში ეს ყველაფერი უნდა იყოს. მსგავსი არაფერი არ არის. ეს არის ცრუ ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის.

ყველამ ვნახეთ როგორ დააკავეს ელისო კილაძე და ატრიალებენ კადრებს, ასევე უნდათ წარმოდგენა შეუქმნან ხალხს, რომ ელისო კილაძე დაკავშირებული იყო ქოლცენტრებთან და ყოველთვიურად ჰქონდა 5 000 დოლარი შემოსავალი. ასეთი განცხადებები არ უნდა გაკეთდეს“-ამბობს ნათია კორკოტაძე.

ადვოკატს ასევე ვკითხეთ პროკურორის კიდევ ერთ განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ ელისო კილაძის გარემოცვას გადაეცა უძრავ-მოძრავი ქონებები. ადვოკატის თქმით, ეს ქონებები არსად არის, მათ შორის არც საქმის მასალებში.

„არაფერი აქვს ელისო კილაძეს. თუ კი სხვებზე გახმაურებული დაჭერები დაიწყო და ვისმენთ ჩვენ, რომ ვიღაცას წილი გადაუფორმეს, ვიღაცას შპს გაუფორმეს, სადა არის ელისო კილაძე ხალხო, ხომ არ შეიძლება ასე ზეპირად საუბარი, სად არის წილები. ელისო კილაძეს რაც გააჩნია თავის სახელზე, ისაა მისი ქონება. არც ერთ მოქალაქეს არ ეპატიება ასეთი ცრუ ინფორმაციის გავრცელება და ხალხის შეცდომაში შეყვანა. თუ რამეა ჯერ უნდა დადონ მტკიცებულებების სახით, რომ ესა და ეს ქონება მდებარე აქა და აქ, არის ელისო კილაძის და ფორმალურად გაფორმებულია სხვის სახელზე. არის ასეთი მტკიცებულება? არ არის ასეთი რამ“-ამბობს ადვოკატი.

რაც შეეხება ინფორმაციას სხდომების გახსნაზე, ადვოკატი ამბობს, რომ 19 თებერვლის სხდომა ერთჯერადად დაიხურა. მას მოლოდინი აქვს, რომ მომდევნო სხდომებიც დახურონ.

ელისო კილაძის ადვოკატის, ნათია კორკოტაძის განცხადებით, მას აქვს იმის მოლოდინი, რომ სხდომები კვლავ დაცულ რეჟიმში წარიმართოს.

„არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. სხდომაზე პროკურორმა გააჟღერა, რომ ეს არის ერთჯერადი დახურვაო. შემდეგ სასამართლო სხდომაზე რას იზამენ არ ვიცი. წინასწარ არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ ჩემი ვარაუდით შესაძლებელია, რომ დახურონ, რადგან ამათ არ სურთ, რომ ხალხმა გაიგოს რა არის სიმართლე და რა არ არის სიმართლე. ყველამ იცის, რომ ამას გააშუქებს პრესა და სწორედ ეს არ უნდათ მათ“- აცხადებს კორკოტაძე.

banner
წინა სტატიაშიერთი დაღუპული და 24 დაშავებული – უკრაინის ქალაქ ლვოვში აფეთქება მოხდა
შემდეგი სტატიამექსიკაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კარტელის ლიდერი, ნარკობარონი ელ მენჩო მოკლეს