“ეს ძალიან საშიში ტენდენციაა, რომელსაც შეიძლება, საქართველოში ტერორიზმის ელემენტების შემოტანა მოჰყვეს” – რას ყვება ინკოგნიტო რესპონდენტი?

 

მსოფლიოს მთავარი ყურადღების ცენტრში ისევ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა და ე.წ. „ისლამური სახელმწიფოა“. ამ ფონზე, ვერსია, რომელსაც „თაიმერთან“ საუბრის დროს უშიშროებასთან დაახლოებული პიროვნება ავითარებს, მინიმუმ, საინტერესოა. მით უფრო, იმ ფონზე, როცა საქმე ე.წ. ქართულ ვაჰაბიზმს ეხება. ამასთან, ჩვენი თანამოსაუბრე, დაახლოებით, ერთი წლის წინანდელ ამბავსაც იხსენებს, როცა საქართველო თითქმის საერთაშორისო სკანდალში გაეხვა: მაშინ, ალბათ, გახსოვთ, დასავლურ მედიაში გავრცელდა მოსაზრება, რომ საქართველო თავის ტერიტორიაზე თითქოს სირიელი ტერორისტების მომზადების მზადყოფნას გამოთქვამდა, თუმცა ეს ცნობა ოფიციალურმა თბილისმა არ დაადასტურა. თუ მას მერე განვითარებულ მოვლენებს გავაანალიზებთ და რამდენიმე ხნის წინ, „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით გავრცელებულ ქართველების მუქარსაც გავიხსენებთ, შეიძლება, გაჩნდეს ეჭვი, რომ ყველაფერ ვიღაცის მიერაა მართული. აღსანიშნავია, რომ „თაიმერის“ წყარო ამ „ვიღაცად“ ყოფილი ხელისუფლების გარკვეულ ფრთას მიიჩნევს, თუმცა ეს მხოლოდ მოსაზრებაა. არსებობის უფლება კი ნებისმიერ მოსაზრებას აქვს.

„თუ გახსოვთ, ეს ინფორმაცია თავის დროზე ამერიკულმა გამოცემამ გაავრცელა და ვინმეს რომ არ მიეწოდებინა, არ დაესიზმრებოდა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამერიკული გამოცემა გადაუმოწმებელ ინფორმაციას არასოდეს ავრცელებს. ასე რომ, დღემდე გაურკვეველია, ეს ინფორმაცია ამერიკულ პრესას ვიღაცამ შეგნებულად ხომ არ მიაწოდა. თუ ეს შეგნებულად გაკეთდა, მაშინ, საინტერესოა, რა მიზანს ისახავდა? საქართველოში სირიელი მეამბოხეების ჩამოყვანა და გაწრთვნა ჩვენთვის კატასტროფა იქნება. საერთოდ, სირიელი ამბოხებულები ბაშარ ასადის რეჟიმს ებრძვიან, რომლის უკანაც, მე თუ მკითხავთ, რუსეთი დგას. რა გარანტია არსებობს, რომ სირიელი ამბოხებულები და ჯიხადისტები ერთმანეთთან კავშირში არ არიან?“
ჩვენი წყარო მიიჩნევს, რომ საქმე ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ თამაშთან გვაქვს, რომელიც კონტროლს აღარ ექვემდებარება.
„დაახლოებით, ის სიტუაციაა, რაც თავის დროზე ავღანეთში შეიქმნა _ თალიბებს აიარაღებდნენ, ხელს უწყობდნენ, მერე კი, ვეღარ აკონტროლებდნენ. დღეს მნიშვნელოვანია თურქეთის როლიც, სადაც კარგა ხანია, ე.წ. შემგროვებელ-მოსამზადებელი ბაზა არსებობდა _ სწორედ იქიდან მიდიოდნენ სირიაში საბრძოლველად და დავიჯერო, ამის შესახებ თურქულმა სპეცსამსახურებმა არაფერი იცოდნენ? თუ იცოდნენ და ჩუმად იყვნენ, გამოდის, რომ ყველაფერი ეს თურქეთის ინტერესშიც შედიოდა, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, თავის ტერიტორიაზე ასეთ `საშუამავლო ბაზას~ არ მოაწყობდა. ოფიციალურ სტამბულს ქურთისტანის პრობლემა აქვს _ არ უნდა, რომ ერაყის ტერიტორიაზე ქურთისტანის რესპუბლიკა ჩამოყალიბდეს. მე თუ მკითხავთ, საქმე გვაქვს პოლიტიკურ ისლამთან,“ – ამბობს „თაიმერის“ რესპოდენტი და დასძენს, რომ ვაჰაბიზმი საქართველოშიც მომძლავრებულია.
„სპეცსამსახური ხელებაკაპიწებული უნდა იყოს და იმაზე ფიქრობდეს, ამ სიტუაციას თავი როგორ გაართვას. ეს ძალიან საშიში ტენდენციაა, რომელსაც შეიძლება, საქართველოში ტერორიზმის ელემენტების შემოტანა მოჰყვეს _ სირიაში ნაომარი იარაღიანი ადამიანი საქართველოში რომ დაბრუნდება, მისგან კარგს რას უნდა ველოდოთ?“ – ისევ რიტორიკულად კითხულობს ჩვენი წყარო და საქართველოში ვაჰაბიზმის გავრცელების ისტორიას იხსენებს:
„ვაჰაბიზმი საქართველოში მე-20 საუკუნის 90-იან წლებში, `აზიის მუსულმანთა კომიტეტმა~ შემოიტანა. 2004 წელს კი პანკისში დიდი რაოდენობით ვაჰაბისტური ლიტერატურა ამოიღეს… უშიშროების სამსახურებმა პრევენციული ღონისძიებები ამ კუთხითაც უნდა გაატარონ. ამასთან, სახელმწიფომ ტრადიციული ისლამის ხელშეწყობაზეც უნდა იზრუნოს. სხვათა შორის, “ნაცმოძრაობა”, თითქოს იმ მიზნით, რომ რუსეთისთვის საფრთხე შეექმნა, საქართველოში ვაჰაბიზმს აძლიერებდა. დღეს კი, ეს მეტასტაზა ისეა გაზრდილი, რომ საქართველოს მოქალაქეები სირიაში იბრძვიან! ისე, მე თუ მკითხავთ, საქართველოში სირიელი მეამბოხეების გაწრთვნის იდეის ავტორი თუ ავტორები სამხედრო წრეებში უნდა ვეძებოთ და ეს ის გავლენიანი ჯგუფია, რომელიც რუსულ საქმეს შეფარულად აკეთებდა და დღესაც აკეთებს,“ – გამოთქვამს ვარაუდს „თაიმერთან“ საუბრის დროს ინკოგნტო რესპოდენტი.

banner
წინა სტატიაში„50-მდე კაცი შემოვარდა, ერთ ოთახში მოგვამწყვდიეს“- რას ყვებიან ტერორისტებთან კავშირის ბრალდებით დაკავებული მირიან ბერიძის ახლობლები
შემდეგი სტატია“ისლამურ სახელმწიფოსთან” შესაძლო კავშირის ბრალდებით დაკავებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს