„მოვუწოდებთ უმრავლესობას ე. წ მოსმენების შესახებ კანონპროექტი გამჭვირვალე დისკუსიის შედეგად მიიღონ“ – აბაშიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა:

„პარლამენტი დღეს ე. წ მოსმენების შესახებ კანონპროექტს განიხილავს. აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით არის არაერთი კითხვა, რომელიც გვაქვს ჩვენ, საზოგადოებას და ბიზნესსექტორს. ჩვენი მხრიდან საპარლამენტო უმრავლესობისათვის შეთავაზებულ კონსულტაციებზე მივიღეთ უარი. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობამ აირჩია თვითიზოლაციის გზა, რაც არ არის კარგი არც ქვეყნისათვის და არც თავად ამ პოლიტიკური ძალისათვის.

ამის მტკიცების საფუძველს გვაძლევს გამოცდილება პრეზიდენტის მიერ წარდგენილ და დაძლეულ ვეტოებთან დაკავშირებით, როდესაც უმრავლესობის მიერ წარმატებით დაძლეული ვეტო ან საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა, ან თავად ხელისუფლებამ შეცვალა პოზიცია.

კერძოდ, მოსმენების კანონი არაკოსტიტუციურად ცნეს.საბანკო ზედამხედველობის შესახებ კანონი შეჩერებულია და პოზიცია გაზიარებულია მთავრობის მიერ წელიწად-ნახევრის შემდეგომ. საერთო სასამართლოების შესახებ კანონი, ასევე ცნობილია არაკონსტიტუციურად.

მინდა, ყველას შევახსენო, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ნიშნავს მონოპოლიას ჭეშმარიტებაზე. ახალი პარლამენტის არჩევისას ვამბობდით, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა იყო შესაძლებლობაც და საფრთხეც, შესაძლებლობა რეფორმებისათვის და საფრთხე ჩაკეტილობისა და ერთპიროვნული გადაწყვეტილებების.

მოვუწოდებთ უმრავლესობას გაითვალისწინონ ის სირთულეები, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ამ პროცესს და მხოლოდ ძალიან ღია და გამჭვირვალე დისკუსიის შედეგად მიიღონ ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება“, – განაცხადა აბაშიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ ვანო მერაბიშვილის განცხადების საფუძველზე დაწყებული გამოძიება შეწყვიტა
შემდეგი სტატიაგახარია: საპატრიარქოს დაფინანსების არსებული წესი შესაცვლელი არ არის