მოვუწოდებთ სასამართლოს სამართლიანად წარმართონ განხილვები – 18 ნოემბერს დაკავებულთა სასამართლო პროცესს ომბუდსმენი ეხმაურება

საქართველოს სახალხო დამცველი 2019 წლის 18 ნოემბერს დაკავებულ პირთა სასამართლო პროცესებს გამოეხმაურა, რომელიც გუშინ გვიან ღამით დასრულდა.

ნინო ლომჯარია, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აქციაზე დაკავებულთა საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას არ ხდება, რადგან 37 დაკავებულის საქმეს მხოლოდ ერთი მოსამართლე განიხილავს.

ომბუდსმენი მოუწოდებს საქალაქო სასამართლოს, აღნიშნული საქმეების განხილვა დროულად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და სამართლიანად წარმართონ.

“2019 წლის 18 ნოემბერს დაკავებულები მოვინახულეთ იმავე საღამოს და ყველა მათგანს გავესაუბრეთ ინდივიდუალურად მათი დაკავების კანონიერებასთან და სხვა შესაძლო უფლება დარღვევებთან დაკავშირებით.

19 ნოემბერს, მთელი დღის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები აკვირდებიან სასამართლო პროცესების მსვლელობებს. მნიშვნელოვანია ყველა დაკავებულს და მათ ადვოკატებს მიეცეთ საკმარისი დრო და საშუალება წარმოადგინონ მათი პოზიციის დაცვის საშუალება.

ამ ეტაპზე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა ნაწილი დაკავებულია 18 ნოემბერს, სამუშაო დროს, შესაბამისად მათ მიმართ დაკავების მაქსიმალური ვადა საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით არის 12 საათი. ამ ვადის გასვლის შემდგომ, აუცილებელია მათი გათავისუფლება.

აქვე გვსურს ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ ადმინისტრაციულად დაკავებულების საქმეებს განიხილავს მხოლოდ ერთი მოსამართლე, რაც ბუნებრივია ართულებს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. აუცილებელია დამატებით სხვა მოსამართლეთა პროცესში ჩართულობა, რათა არ დაირღვეს დაკავებულთა საპროცესო უფლებები.

მოვუწოდებთ თბილისის საქალაქო სასამართლოს, დროულად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და სამართლიანად წარმართონ სასამართლო განხილვები,”- ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

სასამართლოს პროცესი, რომ დადგენილ დროზე დიდხანს გაგრძელდა, პრეტენზიები ჰქონდათ დაკავებულებს და მათ ადვოკატებსაც. სასამართლო განხილვები დღის 11 საათზე დაიწყო და ღამის 3 საათისთვის დასრულდა. 37 დაკავებულის საქმეს ერთი მოსამართლე განიხილავდა.

ვირუსის ბლოკატორები