სახელმწიფო დეპარტამენტი “ოცნების” მიერ მიღებულ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ ახალ კანონს ეხმაურება. დეპარტამენტის პრესსპიკერმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, მტკიცედ დაიცვან შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტური უფლებები:
შეერთებული შტატები რჩება გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების თავისუფლების მტკიცე დამცველად. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვან ეს ფუნდამენტური უფლებები. იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა მოქალაქის ხმა – განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა – იყოს გაგონილი, არის ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიის მთავარი ელემენტი და ის დაეხმარება საქართველოს მისწრაფებებს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.” თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, “ოცნების” პარლამენტმა მორიგი რუსული კანონი გუშინ, 5 ოქტომბერს მესამე მოსმენით მიიღო.
მნიშვნელოვნად იზღუდება გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება და დემონსტრანტებისთვის მთელ რიგ აკრძალვებს აწესებს.
შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას და შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.
კანონპროექტი “ოცნებამ” დაჩქარებული წესით განიხილა და მოტივად სუს-ის 18 სექტემბრის განცხადება დაასახელა, თითქოს ქვეყანაში ოქტომბერ-დეკემბერში “არეულობა და დესტაბილიზაცია იგეგმება”.
კანონპროექტისთვის ვეტოს დადებისკენ პრეზიდენტ ზურაბიშვილს დღეს აქტივისტებმა მოუწოდეს, თუმცა, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ “ოცნება” კანონპროექტის პრეზიდენტისთვის გადაგზავნას არ აპირებს და მას დაუყოვნებლივ აამოქმედებს.