მოვუწოდებთ პარლამენტის თითოეულ დეპუტატს, არ გამოუცხადონ ნდობა თეა წულუკიანს

პარლამენტთან დღეს დილიდან შეიკრიბნენ ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. ისინი მოითხოვენ, რომ საკანონმდებლო ორგანომ თეა წულუკიანს ნდობა აღარ გამოუცხადოს და კულტურის მინისტრის თანამდებობაზე აღარ დაამტკიცოს.

“ჩვენ საქართველოს მოქალაქეები, მეცნიერები, ხელოვანები, მოვუწოდებთ, პარლამენტის თითოეულ დეპუტატს, არ გამოუცხადონ ნდობა თეა წულუკიანს. მისთვის ნდობის გამოცხადებით თქვენც თანაბარი, პოლიტიკური პასუხისმგებლობა გეკისრებათ ეროვნული მემკვიდრეობის განადგურებაზე, დამოუკიდებელი ინსტიტუტების ჩამოშლაზე, პროფესიონალთა დევნაზე, ცენზურაზე, ნეპოტიზმსა და კორუფციაზე. თეა წულუკიანის სისტემაში დატოვებით ხელს მოაწერთ ქვეყნის კულტურული იდენტობის შეუქცევად განადგურებას, კეთილსინდისიერი პროფესიონალებისთვის გამოცხადებულ ტერორს და ქვეყნის სრულ კულტურულ იზოლაციას,” – ამბობს რეჟისორი გიორგი თავართქილაძე.

კულტურის სფეროს რამდენიმე წარმომადგენელს სურდა საკომიტეტო განხილვებზე დასწრებაც, თუმცა პარლამენტის აპარატმა მათ ამის საშუალება არ მისცა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 7 საათზე, კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა პარლამენტთან დააანონსეს კიდევ ერთ საპროტესტო აქციაც – “წულუკიანი არ უნდა იყოს კულტურის მინისტრი!”

banner
წინა სტატიაშიპაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირის კარი ასე ფართოდ ღია არასდროს ყოფილა თითოეულ ქვეყანაზეა დამოკიდებული, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს ეს შესაძლებლობა წინსვლისთვის
შემდეგი სტატიაოხანაშვილი სამადაშვილს-ტაშს რომ უკრავდით მერაბიშვილს, ჯერ იმაზე აგეთ პასუხი